ფეხბურთი

22:59 | 2.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "მინდა, რომ საბა ლობჟანიძის დამოკიდებულება მთელ გუნდს გადაედოს"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა გიბრალტარის ნაკრებთან მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და მედიის წარმომადგენლების შეკითხვებს უპასუხა.

ფრანგმს სპეციალისტმა განსაკუთრებით საბა ლობჟანიძე გამოარჩია და აღნიშნა, რომ ის ფანტასტიკური მენტალობის ფეხბურთელია და სურს, რომ მისი დამოკიდებულება მთელ გუნდს გადაედოს.

„ვიცოდით, რომ ჩვენს ჯგუფში გიბრალტარი ყველაზე სუსტი მეტოქეა, მაგრამ ჩვენ საკუთარ თამაშზე გვინდოდა აქცენტის გაკეთება. საწყისი 25 და ბოლო 20 წუთით კმაყოფილი ვარ, მაგრამ შუალედით არა და ვფიქრობ, მეტი შეგვეძლო. თუმცა, 4:0 კარგი შედეგია და ეს კარგია თავდაჯერებისთვისაც. ვიცით, რომ წინ საკმაოდ რთული შეხვედრები გველოდება, მაგრამ ჯერ ჩრდილოეთ მაკედონიაზე არ ვფიქრობთ, მხოლოდ ბულგარეთთან თამაშზე ვართ ორიენტირებული, რადგან პირველი ეს შეხვედრა გველოდება და მხოლოდ ამის შემდეგ ვიფიქრებთ ჩრდილოეთ მაკედონიაზე.

მიქაუტაძე ახლა სრულიად განსხვავებული ფეხბურთელია იმისგან, რაც გასულ შემოდგომაზე იყო. კმაყოფილი ვარ მისი შრომით, ჩანს, რომ ბევრად მომატებული აქვს. მან საკუთარ თავთან იმუშავა ხარვეზებზე და ძალიან მიხარია, რომ კარგად ითამაშა. საბა ლობჟანიძე ძალიან მიყვარს, რადგან ის არის მოთამაშე, რომელიც პირველ რიგში გუნდზე ფიქრობს და არა საკუთარ თავზე, თქვენ ნახეთ, როგორი ორი საგოლე პასი გააკეთა.

ფეხბურთელებმა იცოდნენ, რომ გიბრალტართან რთული თამაში იქნებოდა, რადგან გულშემატკივარი მხოლოდ გამარჯვებას ელოდა. ვფიქრობ, მენტალურად გუნდში კარგი ვითარებაა და არ მგონია, ამ მოგებამ ფეხბურთელებზე ცუდად იმოქმედოს. ახლა, მთავარია, რომ მომდევნო მატჩების წინ ენერგია აღვიდგინოთ, რადგან კალენდარი ძალიან მჭიდროა. წიტაიშვილი ექიმებთანაა და იმედი მაქვს, რომ სერიოზული არაფერი იქნება.

ჩაკვეტაძემ თამაში დაიმსახურა და ამიტომ ითამაშა, რადგან მთელი კვირა კარგად ვარჯიშობდა და მონდომებული იყო. ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ მასზეა დამოკიდებული ითამაშებს თუ არა. ბევრი კარგი რამ გააკეთა, მაგრამ იყო მომენტები, რომლითაც უკმაყოფილო ვარ, თუმცა მთლიანობაში კარგად ითამაშა და ეს სათამაშო დრო მას თავდაჯერებისთვის სჭირდებოდა.

მატჩის შუა ნაწილით უკმაყოფილო ვარ, რადგან შეინიშნებოდა, რომ გუნდის დამოკიდებულება შეიცვალა და თითქოს მეტოქის პატივისცემის ნაკლებობა იყო. ბევრი არაზუსტი პასი გავაკეთეთ, კონცენტრაცია დავკარგეთ. ეს არ ნიშნავს, რომ გუნდის თამაშით უკმაყოფილო ვარ, პირიქით, მაგრამ ვფიქრობ, ჩემი საქმე სწორედ ის არის, რომ ხარვეზები დავინახო და მათ გამოსწორებაზე ვიმუშაოთ, რადგან სწორედ ასე იქნება კარგი გუნდი.

უკვე 6 თვეა 3-მცველიანი ტაქტიკით ვთამაშობთ, რადგან მარტივი სტატისტიკიდანაც ჩანს, რომ ბოლო 6 მატჩში 1 გოლი გავუშვით და რთულია ამ სქემას შევეხოთ და რაიმე ახალი მოვიგონოთ. მთავარი არა ტაქტიკა, არამედ ის არის, რას ვაკეთებთ, როცა ბურთი გვაქვს და რას - როცა ბურთი არ გვაქვს. ბულგარეთთან, როგორ ვითამაშებთ, ბევრს ვერაფერს ვიტყვი, რადგან არ მინდა, მეტოქისთვის თამაშის წინ რაიმე სახის ინფორმაცია მივაწოდო.

საბას მატჩს შემდეგ ვეტყვი, რომ ჩემს საბანკო ანგარიშზე თანხა ჩარიცხოს, რადგან მატჩის წინ ვუთხარი, რომ მაგრად ითამაშებდა (იცინის). ზოგადად, მასზე მხოლოდ დადებითის თქმა შემიძლია, ძალიან სწრაფი, ტექნიკური ფეხბურთელია და ფანტასტიკური მენტალობა აქვს. ნეტავ, მისი დამოკიდებულება ყველას გადაედოს. ზოგადად, გუნდში კარგი გარემოა, ჯანსაღი კონკურენციაა, რაც გუნდზე აისახება.

მინდა, გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, რადგან სტადიონზე ფანტასტიკური გარემო იყო, როგორც ესპანეთთან შეხვედრაში და იმედი მაქვს, რომ ასე იქნება 12 ივნისს, ბულგარეთთან და შედეგიც ჩვენთვის სასურველი იქნება“, - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს 6-მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს, მომდევნო მატჩს 5 ივნისს, რაზგრადში, ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109195