საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პირველ ტურში გიბრალტარის ნაკრებს დაუპირისპირდება. მატჩის წინ დავით ხოჭოლავამ და საბა ლობჟანიძემ კომენტარები გააკეთეს.
დავით ხოჭოლავა (საქართველოს ნაკრების წევრი): "ყოველთვის დიდი სიამოვნებაა ჩემთვის ნაკრებში თამაში და ხვალინდელი დღე ძალიან ბევრს ნიშნავს, თუ როგორი სტარტი გვექნება. გვეხმარება ახალი სლოგანი, გერბი, ჰიმნი - ყველაფერი ერთად, ბევრი რამე შეიცვალა, მაგრამ მიზანი რჩება ერთი - გავიდეთ ჯგუფიდან და ისევ იქ მოვხვდეთ სადაც წინაზე ვიყავით ფინალში და მოვიგოთ".
საბა ლობჟანიძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "დიდი ეტაპი იწყება. ვემზადებით ოთხი თამაშისთვის. სეზონის ბოლოა და ფეხბურთელები ცოტა გადაღლილები ვართ, მაგრამ ნაკრებში ჩამოსვლა ყველას უხარია და ყველას ახალი ენერგია გვაქვს. მაქსიმალურად ვემზადებით ხვალისთვის. ფეხბურთელებს დიდი მოლოდინი გვაქვს, რომ სტადიონი გაივსება. დიდი ხანია თბილისში არ გვითამაშია და მიხარია. მსურს, ისეთი გულშემატკივრობა იყოს, როგორც ბათუმში ბოლო სანაკრებო მატჩებზე".
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. საქართველოსა და გიბრალტარის შეხვედრა 2 ივნისს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.