ფეხბურთი

18:38 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

ვილი სანიოლი: "სუსტი მეტოქე აღარ არსებობს, ამიტომ, ახლა მხოლოდ გიბრალტარზე ვფიქრობთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ერთა ლიგის 2022 წლის სეზონის პირველ ტურში გიბრალტარის ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

ფრანგმა სპეციალისტმა სხვადასხვა საკითხებზე ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, აქვს კონკრეტული გეგმა, რომ უახლოესი ოთხი მატჩი მოიგონ.

„რებრედინგი ფედერაციის გადაწყვეტილებაა და მე ბევრს ვერაფერს ვიტყვი, ზოგადად, ეს კარგია, როდესაც ასეთი რამე ხდება, გუნდში პოზიტიურ გარემოს შექმნის, ისევე, როგორც ფედერაციაში. ვერ ვიტყვი, რომ შედეგზე პირდაპირი ზეგავლენა ექნება, მაგრამ ვიცით, რომ იდენტობა მნიშვნელოვანია და უნდა ვიყოთ ერთიანი მიზნისკენ გაერთიანებული, რაშიც ეს დადებითი გავლენას მოახდენს.

ოქრიაშვილი და ქვილითაია ნაკრების სიაში იყვნენ, მაგრამ სამწუხაროდ გამოგვაკლდნენ. ჩვენთვის ნებისმიერი ფეხბურთელი მნიშვნელოვანია და მიხარია, რომ ყველა ფეხბურთელის 100%-ით ნდობა შემიძლია. იმედი მაქვს, ისინი ფიზიკურად მზად იქნებიან უახლოესი მატჩებისთვის. გუნდში ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელია, მოხდა მათი ინტეგრირება და ჩვენთვის ყველა მოთამაშე მნიშვნელოვანია.

თანამედროვე ფეხბურთში სუსტი მეტოქე აღარ არსებობს, ყველა ვითარდება. 10 დღეში ოთხი მატჩი გვაქვს და გვესმის, რომ ადვილი არ იქნება, ამიტომაც მყავს გუნდში 29 ფეხბურთელი, რომ როტაცია მოვახდინოთ. ვიმედოვნებ, რომ ყველას ექნება თავის გამოჩენის შანსი. ახლა ბულგარეთთან მატჩზე არ ვფიქრობთ, რადგან მთლიანად გიბრალტართან შეხვედრაზე ვართ კონცენტრირებული. გვაქვს კარგი გეგმა, რათა ოთხივე თამაში მოვიგოთ.

6 დღეა ვემზადებით, თავიდან ფეხბურთელების მდგომარეობა ფიტნესის კუთხით განსხვავებული იყო, მაგრამ ვიმუშავეთ და ახლა ყველანი მზად არიან. ვინც ხვალ ითამაშებს, შეიძლება ბულგარეთთან განაცხადში ვერ მოხვდეს, რაც ნიშნავს, რომ ყველა ფეხბურთელი მზადაა გუნდური მუშაობისთვის.

რთულია წინასწარ დაგეგმვა, ვინ რამდენ წუთს ითამაშებს, შეიძლება იყოს ტრავმები, საჭირო გახდეს დაუგეგმავი ცვლილებები. კიტეიშვილსა და ჩაკვეტაძეს ბოლო პერიოდში ბევრი არ უთამაშიათ, განსხვავებული მიზეზებით, კიტეს ტრავმა ჰქონდა, ჩაკვეს მწვრთნელი არ ენდობოდა. ისინი მიიღებენ დროს და იმედი მაქვს, რომ გუნდის დახმარებას შეძლებენ. მიქაუტაძისთვის სეზონი აპრილის ბოლოს დასრულდა და შესაბამისად, დიდი ხანია, არ უთამაშია. მას სჭირდება სათამაშო წუთები, რომლის მიცემასაც ვაპირებ, რადგან ეს სჭირდება მოტივაციისთვის. მარტში არ გამოვიძახე, რადგან მისი კარიერის საუკეთესო პერიოდი არ იყო, მას საკუთარი თავის მოტივაციისთვის რაღაცების ცვლილებები სჭირდებოდა. არ ვაპირებ, რომ მეოთხე თამაშს დაველოდო, ის შანსს მანამდე მიიღებს.

კარგია, რომ ორი გასვლითი მატჩისას ბევრი მგზავრობა არ მოგვიწევს და თვითმფრინავში დიდ დროს არ გავატარებთ. გიბრალტარი დაცვიდან თამაშობს, ამიტომ, სწრაფად უნდა ვითამაშოთ, მოქნილი ფეხბურთი. ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ და თუ სწრაფ გოლს ვერ გავიტანთ, დროზე არ უნდა ვიფიქროთ. ინტენსიურად უნდა დავიწყოთ, რადგან ამაზე დიდწილად იქნება დამოკიდებული, როგორ განვითარება შეხვედრა“, - თქვა სანიოლმა.

ფრანგ სპეციალისტს პრესკონფერენციაზე გიორგი აბურჯანია ახლდა, რომელმაც თქვა, რომ ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაშს მოუთმენლად ელოდებიან:

„ზოგადად, კარგია რებრედინგი და ყველა ფეხბურთელს გათავისებული გაქვს ახალი სლოგანი „მე ვარ საქართველო“. ჩემი აზრით, ეს დადებითი ცვლილებაა და გარკვეულწილად წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. სანაკრებო დონეზე მარტივი თამაში აღარ არსებობს, ამიტომ კონცენტრირებული მხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე ვართ და მოუთმენლად ველოდებით, რადგან ქართველი გულშემატკივრის წინაშე თამაში ძალიან სასიამოვნოა“, - განაცხადა აბურჯანიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ივნისში, 10-დღიან ინტერვალში ოთხ მატჩს ჩაატარებს - ორჯერ ბულგარეთს, თითოჯერ კი გიბრალტარსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შეხვდება. ვილი სანიოლის გუნდის 5-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბოლო ოთხ შეხვედრაში გოლი არ გაუშვია. საქართველოსა და გიბრალტარის შეხვედრა 2 ივნისს, "დინამო არენაზე", 20:00 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114303