ფეხბურთი

13:31 | 1.06.2022 | ნანახია [] - ჯერ

გარეთ ბეილი: "ყველა ოცნება ავიხდინე, "რეალი" არასოდეს დამავიწყდება"

გარეთ ბეილმა მადრიდის „რეალი“ დატოვა. უელსელი შემტევი ესპანური კლუბიდან თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდის, რადგან კონტრაქტი 30 ივნისს იწურება. ბეილმა სოციალურ ქსელში გამოსამშვიდობებელი წერილიც გამოაქვეყნა.

„ამ მესიჯს ვწერ იმისთვის, რომ მადლობა გადავუხადო ჩემს ყველა თანაგუნდელს, წარსულსა და აწმყოში. ჩემს მწვრთნელებს, სტაფს და გულშემატკივრებს, რომლებიც მხარს მიჭერდნენ. აქ 9 წლის წინ ჩამოვედი, როგორც ახალგაზრდა, რომელსაც სურდა ოცნების ასრულება, მადრიდის „რეალში“ თამაში. ამ მაისურის ჩაცმა, მკერდზე გერბის ტარება, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ თამაში, ტიტულების მოგება, ასეთი ცნობილი კლუბის ნაწილად ყოფნა, ჩემპიონთა ლიგის მოგება.

ახლა შემიძლია უკან მოვიხედო, ვიფიქრო და გულწრფელად ვთქვა, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა და ძალიან, ძალიან ლამაზია. ვიყავი ამ კლუბის ისტორიის ნაწილი და მივაღწიეთ იმას, რასაც მივაღწიეთ. ეს წარმოუდგენელი გამოცდილება იყო, რომელიც არასდროს დამავიწყდება. ასევე მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, ხოსე ანხელ სანჩესს და ხელმძღვანელობას, რომ მომცეს საშუალება მეთამაშა ამ კლუბში. ჩვენ ერთად მოვახერხეთ რეალობად გვექცია მომენტები, რომლებიც სამუდამოდ დარჩება ამ კლუბისა და ფეხბურთის ისტორიაში“, - დაწერა ბეილმა სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ გარეთ ბეილი „რეალს“ 2013 წელს „ტოტენჰემიდან“ შეუერთდა და ამ პერიოდში 258 შეხვედრაში 106 გოლი გაიტანა. მან ახლახან დასრულებულ სეზონში მხოლოდ 7-ჯერ ითამაშა და თავი ერთხელ გამოიჩინა, ხოლო 2020-2021 წლების სეზონი იჯარით „ტოტენჰემში“ გაატარა (34 თამაში, 16 გოლი). ჯერჯერობით უცნობია სად გააგრძელებს კარიერას 32 წლის უელსელი ფეხბურთელი.

0.119925