საფრანგეთის ღია პირველობას ესპანელი ამომავალი ვარსკვლავი, კარლოს ალკარასი მეოთხედფინალში გამოეთიშა. ის გერმანელ ალექსანდერ ზვერევთან 6-4, 6-4, 4-6, 7-6(7) დამარცხდა. ამგვარად, ზვერევი ზედიზედ მეორედ გავიდა როლან გაროსის ნახევარფინალში. მან დაამარცხა მეტოქე, რომელსაც მანამდე ზედიზედ 14 თამაში ჰქონდა მოგებული.
ზვერევმა შარშანდელ როლან გაროსზე, ნახევარფინალში სტეფანოს ციციპასთან წააგო. ის ალკარასს მესამედ შეხვდა და მეორე გამარჯვება მოიპოვა. მათი წინა შეხვედრაც თიხნარზე, მადრიდის მასტერსის ფინალში შედგა და მაშინ ალკარასმა მოიგო.
ალკარასი ამჯერად რიტმიდან იყო ამოვარდნილი და უამრავი შეცდომა დაუშვა. მეოთხე სეტის ტაიბრეიკზე მას სეტ პოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ზვერევმა კი მეორე მატჩ პოინტის მოგება შეძლო და შეხვედრას ამით დაუსვა წერტილი. გერმანელის მომდევნო მეტოქეს, ნოვაკ ჯოკოვიჩის და რაფაელ ნადალის შეხვედრა გამოავლენას. ამ მომენტისთვის, ნადალი სეტებში 2-1 იგებს.
„ის ამ ტურნირს არაერთხელ მოიგებს. მე იმედი მაქვს, რომ აქ მანამ გავიმარჯვებ, სანამ კარლოსი ყველასთვის დაუმარცხებელი გახდება. დღესაც ვიცოდი, რომ სტარტიდანვე ჩემი საუკეთესო თამაში უნდა მეჩვენებინა, რათა კორტი მოგებულს დამოტოვებინა“, - განაცხადა ზვერევმა.