გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფე“ ლიგა ენდესას მიმდინარე გათამაშებას მეოთხედფინალურ სტადიაზე გამოეთიშა.
ქართველი კალათბურთელის გუნდმა „ხოვენტუტთან“ სერიაში 1:2 მარცხი განიცადა. სერიის მესამე და გადამწყვეტი მატჩი კანარიელებმა სტუმრად ჩაატარეს და მეტოქეს კონკურენცია პრაქტიკულად ვერ გაუწიეს. „ტენერიფემ“ ოთხივე პერიოდი წააგო და ლოგიკურია, რომ დამარცხდა - 58:81.
გიორგი შერმადინმა 20:29 წუთში 8 ქულა, 9 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. მან 3-დან 2 ორქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 15-ს გაუტოლდა. ქართველი ცენტრი თანაგუნდელთა შორის საუკეთესო იყო, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა.
ამრიგად, „ლენოვო ტენერიფემ“ სეზონი დაასრულა, რომელიც წარუმატებელი არ ყოფილა, რადგან ჩემპიონთა ლიგა მოიგო.