მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ „ლივერპულთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან აღნიშნა, მისთვის დაუჯერებელია, რომ ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო, თანაც თავის ორ საყვარელ გუნდთან ერთად.
„არ მჯერა, ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოვიგე. დიდი გუნდები და შესანიშნავი ფეხბურთელები მეხმარებოდნენ, ორი „მილანთან“ და ორი „რეალთან“ ერთად მოვიგე, ორ გუნდთან ერთად, რომლებიც ყველაზე მეტად მიყვარს. ოთხივე ჩემპიონობას განსაკუთრებული არომატი აქვს.
რთული თამაში იყო, პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, მაგრამ შევძელით ყველაფერთან გამკლავება. მეტოქეს ვერტიკალურად თამაშის საშუალება არ მივეცით. შესანიშნავად ითამაშეს მილიტაომ, მენდიმ და ალაბამ, რადგან უკან არასდროს დაუხევიათ.
კურტუა? გულწრფელად გითხრათ, მისგან მსგავსი მატჩები აქამდეც მინახავს, თუმცა, ნათელია, რომ დღეს სასწაულები მოახდინა. ბევრი სათქმელი არაფერია, ჩვენთვის რთული ჩემპიონთა ლიგა იყო, მაგრამ დღევანდელ მატჩში ყველაზე ნაკლები სირთულეები გვქონდა. „სიტისთან“ გამარჯვების შემდეგ ჩვენი შანსები საგრძნობლად გაიზარდა, ვეტერანების ხარისხმა, გამოცდილებამ და ახალგაზრდების გავლენამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. თუმცა, ისიც ცხადია, რომ გამარჯვება იღბლის გარეშე მე არასდროს მინახავს“, - თქვა ანჩელოტიმ.
შეგახსენებთ, კარლო ანჩელოტი პირველი მწვრთნელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო. მან ამის გაკეთება 2003 და 2007 წლებში „მილანთან“, ხოლო 2014 და 2022 წლებში „რეალთან“ ერთად მოახერხა.