მონაკოს დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა მონაკოელი შარლ ლეკლერის გამარჯვებით დასრულდა. „ფერარიმ“ კი დუბლი მოიპოვა - პირველ რიგში, თანაგუნდელს მხარს კარლოს საინსი დაუმშვენებს. მეორე რიგშიც ერთი გუნდის წევრები დადგებიან: მესამეა სერხიო პერესი, მეოთხე კი - მაქს ფერსტაპენი.
ლეკლერმა პოულის მომტანი დრო, კვალიფიკაციის მესამე ნაწილის პირველივე ცდაზე დააფიქსირა. ის მეორე ცდაზე პირვლ დროზე უკეთერსი გრაფიკით მიდიოდა, მაგრამ პერესის ავარიის გამო, მისი დასრულება ვერ შეძლო. პერესის „რედ ბულის“ ნამსხვრევებზე მოცურდა საინსიც, რომლის მანქანამაც ტრასა ჩახერგა და ამან კვალიფიკაციის დროზე ადრე დასრულება გამოიწვია.
ამგვარად, ლეკლერმა ამ სეზონში მეხუთე კვალიფიკაცია მოიგო (შვიდიდან) და კარიერაში მოპოვებული პოულების რიცხვი 14-მდე გაზარდა. ამ მაჩვენებლით, ის ფერსტაპენს გაუთანაბრდა.
ლეკლერს მონკოში რბოლა ჯერ ერთხელაც არ დაუსრულებია. მან პოული გასულ სეზონშიც მოიგო, მაგრამ კვალიფიკაციის ბოლოს, მანქანა დაამტვრია. ის იმდნდ დაზიანდა, რომ პოულის მფლობელი სტარტზეც ვერ დადგა. ის რბოლა ფერსტაპენმა მოიგო.
„პირველი წრე კარგი იყო. მეორე წრითაც კმაყოფილი ვარ, თუმცა მისი დასრულება ვერ შევძელი. მაგრამ გარწმუნებთ, ეს მართლაც ძალიან, ძალიან კარგი წრე იყო“, - განაცხადა ლეკლერმა.
საინსს თავისი პირველი წრის შესრულება მაშინ მოუწია, როდესაც „მერსედესის“ ორივე მანქანა გასახურებლად იყო გამოსული. ესპანელს ხელი შეეშალა. მაგრამ მეორე საუკეთესო წრე მაინც აჩვენა.
მონაკოს დიდი პრიზი
კვალიფიკაცია
- შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 1'11.376
- კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 0.225
- სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 0.253
- მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 0.290
- ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 0.473
- ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 0.736
- ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 0.871
- ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1.184
- სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1.356
- ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1.671
- იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1.421
- ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 1.533
- კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1.545
- დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 1.588
- მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1.705
- ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 2.235
- პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 2.284
- ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 2.302
- ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 3.027
- გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 4.230