ინგლისური „ლივერპულის“ მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ კომენტარი გააკეთა. როგორც გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, „რეალი“ ფავორიტია, მაგრამ როცა „ლივერპული“ უმაღლეს დონეს აჩვენებს, მაშინ მის წინააღმდეგ თამაში ყველასთვის რთულია.
„ამ ტურნირის ისტორიაში ყველაზე წარმატებულ გუნდს ვეთამაშებით, მის მწვრთნელს კი ის სამჯერ აქვს მოგებული. ერთადერთი, რაზეც ვფიქრობთ, თამაშია და როგორ უნდა ვითამაშოთ. თუ ვიფიქრებთ ისტორიაზე, მეტოქის გამოცდილებაზე, როგორც მოახერხა „რეალმა“ გარკვეულ სიტუაციებში დაბრუნება, ვფიქრობ, რომ ფავორიტი „რეალია“. მაგრამ თუ ჩვენ უმაღლეს დონეზე ვითამაშებთ, ნამდვილად რთულია, ჩვენს წინააღმდეგ თამაში.
2018 წლის ფინალი წავაგეთ. არ დაგვიწყებია რაც კიევში მოხდა, მაგრამ მოტივაცია ამის გარეშეც საკმარისი გვაქვს. ბევრი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ ფინალში მოტივაცია გვქონდეს. ძალიან ბედნიერები ვართ აქ ყოფნით. ეს ჩვენი სამყაროა, მაგრამ საბოლოო შედეგით უნდა ვიმსჯელოთ. ფინალს არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც ბიჭებმა აქამდე გააკეთეს, თუმცა ახლა მხოლოდ მედლის ფერია მნიშვნელოვანი. ჩვენ მზად ვართ. ვამაყობ იმით, რაც გუნდმა აქამდე გააკეთა, ეს განსაკუთრებული იყო.
ჩვენ გამარჯვება ვისწავლეთ. ბიჭები ძალიან გაიზარდნენ ბოლო სამი წლის განმავლობაში. დიდი კლუბის ნაწილი ვართ, ბიჭები ჩვენი გუნდის ზომას შეესაბამებიან. ტიაგო ალკანტარამ გუშინ და დღეს გუნდთან ერთად ივარჯიშა, ფაბინიოც ვარჯიშობს. მათი განწყობა შესანიშნავია“, - თქვა კლოპმა.
შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერაში ეს მეოთხე ფინალი იქნება.