ფეხბურთი

1:30 | 28.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ფინალი მაშინ წავაგე, როცა ყველაზე ძლიერი გუნდი მყავდა, ამიტომ ყველაფერი შესაძლებელია"

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ ისაუბრა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, ის გუნდი გაიმარჯვებს, რომელიც მოედანზე თავისი თვისებების ჩვენებას მაქსიმალურად მოახერხებს.

„დიახ, მეც მიფიქრია ამაზე და ვფიქრობ, რომ „ევერტონიდან“ მალევე „რეალში“ მოხვედრა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა, წარმოუდგენელია. დაახლოებით ერთი წლის წინ დამირეკეს კლუბიდან, ყველამ ვიცით, რამდენად მოთხოვნადია „რეალში“ მუშაობა. ძალიან კარგი სეზონი გვქონდა და ახლა შანსი გვაქვს, რომ მაქსიმუმს მივაღწიოთ. კარგი გარემოა და გუნდმა კარგად იცის, როგორ გაუმკლავდეს ასეთ სიტუაციას. გამოცდილი ფეხბურთელები ახალგაზრდებს ეხმარებიან.

ყველა თამაშს თავისი ისტორია აქვს. ლისაბონში 2014 წლის ფინალი გასაღები იყო ყველა იმ წარმატების, რომელიც შემდეგში „რეალს“ ჰქონდა. ახლა თავს ძალიან ბედნიერად და მშვიდად ვგრძნობ, მაგრამ ვიცი, რომ დღის მეორე ნახევარში შეგრძნებები განსხვავებული იქნება. მეტი დაძაბულობა იქნება. უნდა შევძლოთ ჩვენი თვისებების მოედანზე გამოვლენა და გავიმეოროთ ის, რაც სეზონის განმავლობაში გავაკეთეთ. „ლივერპული“ ძალიან ინტენსიურ და ვერტიკალურ თამაშს ჩაატარებს, ვინც საკუთარ თვისებებს ბოლომდე გამოავლენს, გაიმარჯვებს. შემადგენლობა თუ შევარჩიე? კი, მაგრამ არ დავასახელებ.

ყველა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან კარგი მოგონებები მაკავშირებს, მაგრამ წავაგე ის ფინალი, რომელიც საუკეთესოდ ვითამაშეთ და საუკეთესო გუნდი მყავდა, მათ შორის, რომლებიც ფინალში მყოლია. ეს იყო, 2005 წელს, როცა „ლივერპულს“ ვეთამაშებოდით. ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ამ თამაშისთვის მოსამზადებლად ბევრი დრო გვქონდა და ყველაფერს გავაკეთებთ. ჩემთვის ეს მეხუთე ფინალია, მაგრამ შეგრძნება ყოველთვის ერთი და იგივეა. უნდა ისიამოვნო, ზედმეტი ფიქრის გარეშე, სანამ მსაჯის სასტვენის ხმა არ გაისმება, იმ მომენტიდან მოყოლებული უკვე სხვა ამბავია. ფინალში ყოფნა დავიმსახურეთ, უხარისხოდ თამაშის უფლება არ გვაქვს. კლუბის ისტორიამ მუხტი მოგვცა ყველაზე რთულ მომენტებში, ახლა გამარჯვება უნდა დავიმსახუროთ“, - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალი დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. კარლო ანჩელოტისთვის ეს მეხუთე ფინალია და მესამედ მოუწევს „ლივერპულთან“ დაპირისპირება.

0.124714