ავტოსპორტი

23:43 | 27.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

„მერსედესის“ პილოტები მონაკოს უსწორმასწორო ტრასას უჩივიან

მონაკოს დიდი პრიზის თავისუფალი პრაქტიკების შემდეგ, „მერსედესის“ პილოტები ჩივიან, რომ ბორცვიან ტრასაზე, არასტაბილური, „მოხტუნავე“ მანქანები კიდევ უფრო ძნელად სამართავია. ლუის ჰამილტონმა აღიარა, რომ ასეთ დაბორცვილ ტრასაზე აქამდე ალბათ არასდროს უასპარეზია.

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი, ვისაც 103 რბოლა აქვს მოგებული, ასევე ამბობს, რომ მანქანა წინა რბოლებისგან განსხვავებულად იქცევა და მასთან ჭიდაობა უწევს: „შემიძლია ვთქვა, რომ მანქანასთან ბრძოლა მიწევს. მიხარია, როცა წრეს უშეცდომოდ გავდივარ. მსგავსი რამ ადრე არასდროს განმიცდია. როდესაც ცდილობ, კარგი წრის აწყობას, ჩაჭიდება თითქოს ცუდი არაა, მაგრამ ისეთი შეგრძნობა გაქვს, თითქოს თვალები ბუდიდან ვარდება“.

ჰამილტონს პირველ და მეორე პორაქტიკებზე, მე-10 და მე-12 შედეგი ჰქონდა. მეორე პრაქტიკაზე მე-6 დრო დააფიქსირა მისმა თანაგუნდელმა ჯორჯ რასელმა. ის ამბობს, რომ მანქანა იმდენად ხისტია, რომ ეს ზღვარზე მართვას ართულებს. ეს იმ დროს, როდესაც „ფერარის“ მანქანებს კერბზე გავლისას პრობლემა თითქმის არ აქვს.

„არის ტრასის სექციები, სადაც ორივე წინა ბორბალი გზის ზედაპირს სცილდება. მეხუთე მოსახვევში, წინა მარჯვენა ბორბალი ჰაერში რჩება და საკიდარი იმდენად ხისტია, რომ მარცხენაც გზის ზედაპირს სცდება. ამ დროს, მანქანა მხოლოდ უკანა ბორბლებს ეყრდნობა, წინები კი ტრასას არ ეხება“, - ყვება რასელი.

გუნდის მთავარი სარბოლო ინჟინერი ენდრიუ შოვლინი ამბობს, რომ მართვასთან დაკავშირებული პრობლემები, მრბოლებს წრის მაქსიმალური სიჩქარით გავლის საშუალებას არ აძლევს. განსაკუთრებით ეს თვალშისაცემი მაშინ არის, როდესაც ავზში მცირე რადენობით საწვავია.

0.125696