მეექვსე ნომრად განთესილმა ესპანელმა კარლოს ალკარასმა, საფრანგეთის ღია პირველობის მეორე წრე გაჭირვებით გაიარა. თავისი თანამემამულე ალბერტ რამოს-ვინოლასი 6-1, 6-7(7), 5-7, 7-6(2), 6-4 დაამარცხა. 19 წლის ალკარასმა მეოთხე სეტში მატჩ პოინტი მოიგერია, გადამწყვეტ სეტში კი 0-3 ჩამორჩენა ამოქაჩა და ოთხსაათნახევრიანი ბრძოლა თავის სასარგებლოდ დაასრულა.
ამ გამარჯვების შემდეგ, ალკარასმა წაუგებელი სერია 12-მდე გაზარდა. პარიზამდ მან მასტერს 1000-ის სერიის ორი ტურნირი, მადრიდსა და რომში მოიგო. და როლან გაროსზეც ფავორიტთა შორისაა. მისი მომდევნო მეტოქეა ამერიკელი სებასტიან კორდა.
„ახალგაზრდა ვარ, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ გამოცდილიც ვარ. დიდ მოედნებზე, დიდი შეხვედრების თამაში მსიამოვნებს. მზად ვარ, ასეთი თამაში შემდეგშიც ვაჩვენო. მინდა მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეებს შევხვდე და მათთან ბრძოლები გავმართო“, - განაცხადა ალკარასმა.
პირველ სეტში ალკარასი პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობდა და ის იოლად მოიგო. 34 წლის რამოს-ვინოლასი თიხნარის სპეციალისტია, მაგრამ როლან გაროსზე მეოთხედფინალის მიღმა არ გასულა. იქაც ექვსი წლის წინათ გავიდა.
მაგრამ გამოცდილი რამოს-ვინოლასი არ დანებდა და მან მეტოქეს მეორე სეტში ბრძოლა გაუმართა. ალკარასმა შეცდომებს უხშირა და სეტებში ანგარიში ტაიბრეიკზე გათანაბრდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ალკარასმა წაღმა უხეიროდ დაარტყა - ბურთი კორტს გასცდა.
მესამე სეტში უპირატესობას რამოს-ვინოლასი დაეუფლა, ვინც მეტოქეს თამაშის ტემპს კარნახობდა. მესამე სეტში მან ბრეიკს მიაღწია და 2-1 დაწინაურდა. ალკარასი შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და საბოლოოდ, მეტოქეს სეტებში 2-1 დაწინაურების საშუალება მისცა.
მეოთხე სეტში, როდესაც 5-4-ს იგებდა, რამოს-ვინოლასმა მატჩ პოინტი გამოიმუშავა, მაგრამ მისი გამოყენება ვერ შეძლო. საქმე ისევ ტაიბრეიკამდე მივიდა, სადაც ახალგაზრდა ჩოგბურთელმა იოლად მიაღწია საწადელს და სეტებში ანგარიში გაათანაბრა - 2-2.
გადამწყვეტ სეტში რამოს-ვინოლასი 3-0 დაწინაურდა. მაგრამ ალკარასმა ჯერ ანგარიში გაათანაბრა, შემდეგ კი წინაც გავიდა და შეხვედრას წერტილი პირველივე მატჩ პოინტზე ეისით დაუსვა.