ჯირო დ’იტალია დასასრულს უახლოვდება. დღეს მე-17 ეტაპი გაიმრთა, რომელზეც რბოლას ერთ-ერთი ფავორიტი, ბრიტანელი საიმონ იეიტსი გამოეთიშა. გამარჯვება კოლუმბიელმა სანტიაგო ბუიტრაგომ მოიპოვა, ლიდერის მაისური კი ეკვადორელმა რიჩარდ კარაპასმა შეინარჩუნა.
იეიტსს აქამდე ორი ტაპი აქვს მოგებული. მე-17 ეტაპისთვის ის კლასიფიკაციაში 21-ე ადგილზე იყო და გამარჯვების შანსი პრაქტიკულად აღარც ჰქონდა. კარაპასს ის ნახევარ საათზე მეტით ჩამორჩებოდა. მისი გუნდის (ბაიკ ექსჩეინჯ) ექიმმა განაცხადა, რომ ეტნას ეტაპზე წაქცევის შემდეგ, საიმონს მუხლის პრობლემები ჰქონდა.
რბოლების შემდეგ ის მუდმივ თერაპიას გადიოდა და ტრავმირებულმა, მეორე ეტაპის მოგებაც კი შეძლო. მაგრამ ტკივილი თანდათან გაუძლიერდა, რის გამოც, რბოლის გაგრძელებისგან თავის შეკავება ამჯობინა.
რაც შეეხება ბუიტრაგოს, ის ეტაპის დაწყებიდან მალევე დაეცა, მაგრამ ტრავმა არ მიუღია და ასპარეზობა გააგრძელა. უფრო მეტიც, აგრესიული რბოლით დაწინაურება შეძლო და თავის კარიერაში პირველად მოიგო დიდი ტურის ეტაპი (ფოტოზე).
კარაპასი ისევ სამ წამს უგებს მეორეზე მყოფ ავსტრალიელ ჯეი ჰინლის. მესამე ადგილზე კი ესპანელი მიკელ ლანდა გადავიდა.