საქართველოს ეროვნული ლიგის მე-16 ტურში ერთმანეთს ყველაზე კარგ ფორმაში გუნდები, „დინამო ბათუმი“ და „სამგურალი“ დაუპირისპირდნენ. შეიძლება ითქვას, რომ გულშემატკივარმა სეზონის ყველაზე ლამაზი და დრამატული შეხვედრა იხილა.
4:4! საოცარი მატჩი, რომელსაც მოქმედი ჩემპიონი ოთხჯერ იგებდა, მაგრამ სტუმრებმა ოთხჯერვე გაათანაბრეს. „სამგურალის“ სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ გიორგი მიქაძის გუნდს ამ ტურამდე ზედიზედ 6 მატჩი ჰქონდა მოგებული, ბოლო 8 მატჩი კი არ წაეგო და დაუმარცხებელი სერია გაზარდა.
„დინამო ბათუმი“ სწრაფადვე მეშვიდე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ დააწინაურა, რომელმაც ახლო მანძილიდან მცველს დაასწრო და სეზონში მე-7 გოლი გაიტანა. 2 წუთში ილია ახვლედიანმა თავური დარტყმით გაიტანა და გაათანაბრა. მე-12 წუთზე ბათუმელები ისევ დაწინაურდნენ, ამჯერად თავი ჯოვინო ფლამარიონმა გამოიჩინა, თუმცა 6 წუთში ჯეფერსონ ჯერალდომ კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა. მიუხედავად ამისა, გია გეგუჩაძის გუნდმა ტაიმი მაინც მოიგო, რადგან გოლი ზურიკო დავითაშვილმაც გაიტანა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ირაკლი რუხაძემ გაიტანა და „სამგურალმა“ მესამედ გაათანაბრა! 65-ე წუთზე კვარაცხელიამ დუბლი შეასრულა, რომელმაც ძალიან ტექნიკურად ითამაშა და საჯარიმოში წააქციეს, პენალტი მან თავად გაიტანა და ბათუმელები მეოთხედ დაწინაურდნენ. თუმცა, გეგუჩაძის გუნდმა 3 ქულა მაინც ვერ მოიპოვა, რადგან ნიკა კალანდარიშვილმა 83-ე წუთზე თავური დარტყმით აღადგინა წონასწორობა და 4:4!
„დინამო ბათუმს“ 35 ქულა აქვს და „დინამო თბილისს“ 3 ქულით უსწრებს, მომდევნო ტურში კი 16 ივნისს, „გაგრას“ ესტუმრება. „სამგურალი“ 30 ქულით მესამე პოზიციაზეა და მომდევნო ტურში 16 ივნისს, „დინამო თბილისს“ სტუმრად შეხვდება.
„დინამო ბათუმი“ – „სამგურალი“ 4:4 (3:2)
გოლები: 1:0 კვარაცხელია (7), 1:1 ახვლედიანი (9), 2:1 ჯოვინო (12), 2:2 ჯერალდო (18), 3:2 დავითაშვილი (41), 3:3 რუხაძე (54), 4:3 კვარაცხელია (65, პენ), 4:4 კალანდარიშვილი (83)