ფეხბურთი

12:30 | 25.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი "მანჩესტერ იუნაიტედის" ინტერესის სფეროშია

გიორგი მამარდაშვილი „მანჩესტერ იუნაიტედში“? ესპანური გაზეთი As-ი იტყობინება, რომ ინგლისური გრანდი ქართველი მეკარით დაინტერესებულია.

წყაროს თანახმად, 21 წლის კარის დარაჯით ინგლისური კლუბები დაინტერესდნენ, მაგრამ ყველაზე სერიოზულად „მანჩესტერი“, საიდანაც მან შეთავაზება უკვე მიიღო. ერიკ ტენ ჰაგის გუნდს ზაფხულში დინ ჰენდერსონი დატოვებს და სწორედ მის შემცვლელად განიხილება მამარდაშვილი.

ამრიგად, გიორგის „მანჩესტერში“ დავიდ დე ხეას დუბლიორის როლის მორგება მოუწევს, მაგრამ ვინაიდან ინგლისელები მომდევნო სეზონს ევროპა ლიგაზე გაატარებენ, დიდი შანსია, რომ ქართველმა ტრანსფერის შემთხვევაში სათამაშო დრო სწორედ ამ ტურნირზე მიიღოს, ხოლო პრემიერლიგაში ადგილი ისევ დე ხეასი იქნება. ჯერჯერობით, სხვა დეტალები უცნობია.

თუმცა, ესპანური გამოცემა ასევე წერს, რომ მამარდაშვილი „ვალენსიაში“ ბედნიერია და ესპანური კლუბი მასთან კონტრაქტის განახლებაზე, რომელიც 2024 წლამდეა ძალაში, უკვე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ასე რომ, არც ისაა გამორიცხული, გიორგი „მესტალიაზე“ დარჩეს.

შეგახსენებთ, გიორგი მამარდაშვილმა 2021-2022 წლების სეზონში ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა. გიორგი ლა ლიგამ სამჯერ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად და ორჯერ ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. მოგერიებული ბურთების პროცენტული მაჩვენებლით (73.3%) ქართველი ლა ლიგაში მხოლოდ იასინ ბონოსა და ტიბო კურტუას ჩამორჩა, ტოპ ხუთ ლიგაში კი მე-14 ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110036