„მამარდაშვილი და მისი მომავალი: 20-მილიონიანი პუნქტი შემაშფოთებელია, რადგან უკვე არსებობენ დაინტერესებული კლუბები“, - ამ სათაურით გამოაქვეყნა მადრიდულმა გამოცემა Marca-მ სტატია გიორგი მამარდაშვილზე.
„ვალენსია მამარდაშვილის გამო ძალიან ღელავს. ქართველმა მეკარემ მიმდინარე სეზონში ძლიერი ბიძგი აჩვენა, შედეგად, ის გახდა ევროპაში ყველაზე დიდი პროგრესის მქონე მეკარე და როგორც ირკვევა, დიდი კლუბები უკვე ჩასაფრებული არიან. 20 მილიონი ევრო, რომელიც დღეს მის კონტრაქტში წერია, როგორც გამოსასყიდი ფასი, „ვალენსიას“ ხელმძღვანელობას ძალიან აწუხებს. ამიტომაც, მუშაობენ მასთან კონტრაქტის განახლებაზე. შეიძლება ეს მარტივად ჩანდეს, მაგრამ ასე არ არის. „ვალენსიაში“ სიტუაცია ჩახლართულია, უჭირთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება. მამარდაშვილი კი არის მეკარე, რომელიც საშუალოვადიან პერსპექტივაში კიდევ უფრო გაძვირდება. ახლა პეტერ ლიმმა საბოლოოდ უნდა გადაწყვიტოს, რა გააკეთოს.
მამარდაშვილის გზა პროფესიონალური ფეხბურთის სამყაროში მეტეორული იყო. ესპანეთში ჩავიდა, საქართველოდან იჯარით „ვალენსიას“ მეორე გუნდში სათამაშოდ, მაგრამ გარემოებებმა განაპირობა მისი დებიუტი ლა ლიგის პირველივე ტურში. ეს იყო ბუმი. შემდეგ რთული პერიოდი დადგა, ხუთი თვე არ უთამაშია, არც თასზე, მაგრამ სეზონის ბოლოს ისევ გამოჩნდა. მის მიერ ნაჩვენები თამაშის დონე მაღალია და ცხადია, უკვე აფასებენ სიტუაციას.
„ვალენსიამ“ ის სასაცილო ფასად იყიდა სატრანსფერო ბაზრის მდგომარეობის გათვალისწინებით - მილიონ ევროსაც არ აღწევდა მისი ფასი. ახლა მისი გამოსასყიდი ფასი 20 მილიონი ევროა, რაც არც ისე დიდი თანხაა, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ რომელიმე კლუბი ნაღდ ფულს გადაიხდის. ამიტომაც, „მესტალიელებმა“ დაიწყეს მუშაობა რათა შეეცადონ გაზარდონ მისი გამოსასყიდი ფასი და ანაზღაურება.
აშკარაა, რომ „ვალენსია“ სათამაშოდ კარგი ადგილია და ეს მამარდაშვილმაც იცის. თუმცა, სატრანსფერო ბაზარი, ბაზარია და ბევრი რამ უკვე გამოაშკარავდა. თასის ფინალში თამაშმა მისი ცნობადობა კიდევ უფრო გაზარდა. „ვალენსიაში“ კი ძალიან ნერვიულობენ, რადგან იციან, რომ ბრილიანტი ჰყავთ, რომელიც არსაიდან გამოჩნდა“, - წერს Marca.
შეგახსენებთ, 2021-2022 წლების სეზონში გიორგი მამარდაშვილმა ყველა ტურნირზე 21 მატჩი ჩაატარა (18 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (რვაჯერ ლა ლიგაში, ერთხელ თასზე). „ვალენსიამ“ ლა ლიგა მეცხრე ადგილზე დაასრულა, ესპანეთის თასის ფინალში კი „ბეტისთან“ პენალტების სერიაში წააგო. მამარდაშვილი „ვალენსიას“ იჯარით გასულ ზაფხულს შეუერთდა და წინასასეზონო შეკრებაზე შეძლო შანსის გამოყენება, მერე კი, უშუალოდ სეზონის მიმდინარეობისას. „ღამურებმა“ გიორგი უკვე გამოისყიდეს და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმეს, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.