ავსტრალიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა არიარნე ტიტმუსმა, ქვეყნის ჩემპიონატზე ასპარეზობისას, 400 მეტრზე თავისუფალ სტილში მსოფლიოს ახალი რეკორდი დაამყარა. 21 წლის ტიტმუსმა ადელაიდაში მიმდინარე ჩემპიონატზე, დისტანცია 56.40 წამში გაცურა და 0.06 წამი მოაკლო ძველ რეკორდს, რომელიც ამერიკელ კეიტი ლედეცკის რიოს ოლიმპიადაზე ჰქონდა დამყარებული.
რეკორდის დამყარების შემდეგ, ტიტმუსმ განაცხადა, რომ მისი აზრით, ლედეცკი ყველა დროის საუკეთესო ქალი მოცურავეა. მათ შორის ტოკიოს ოლიმპიადაზე დაძაბული პაექრობა გაიმართა. იქ ტიტმუსმა ორი ოქრო 200 და 400 მეტრზე თავისუფალ სტილში მოიპოვა, ლედეცკიმ კი ასევე ორი ოქრო, 800 და 1500 მეტრზე თავისუფალ სტრილში აიღო.
„მე საკუთარ თავს მის გვერდით ვერ დავაყენებ. რაც მან ქალთა ცურვაში გააკეთა, ეს გამორჩეული მიღწევაა. ის უკვე 10 წელია, რაც ამ დონეზე ასპარეზობს. ჩემთვის მასთან საუბარიც კი დიდი პატივია. ჩემი შედეგი მას სტიმულს მისცემს. საინტერესოა, რამდენად სწრაფები შეიძლება ვიყოთ“, - განაცხადა ტიტმუსმა, ვინც ამავე დისტანციაზე მსოფლიო ჩემპიონიცაა.
ტიტმუსმა ლედეცკის ტოკიოს ოლიმპიადაზე, 400 მეტრზე თავისუფალ სტილში, წამზე ნაკლებით აჯობა. მათი დაპირისპირება 800 მეტრზე თავისუფალში გაგრძელდა, სადაც ამერიკელმა თავის ავსტრალიელ ოპონენტს 1.26 წამი მოუგო.
ტიტმუსს ადელაიდაშივე კიდევ ერთი რეკორდის დამყარება შეეძლო, მაგრამ 200 მეტრზე თავისუფალ სტილში, იტალიელი ფედერიკა პელეგრინის რეკორდამდე (1:52.98) 0.33 წამი დააკლდა.