ჩოგბურთი

3:15 | 24.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

იგა სვიატეკი წაუგებელ სერიას აგრძელებს

მსოფლიოს პირველი ჩოგანი იგა სვიატეკი თავის წაუგებელ სერიას საფრანგეთის ღია პირველობაზეც აგრძელებს. დიდი სლემის ტურნირის პირველ წრეში, მან 6-2, 6-0 მოუგო უკრაინელ ლესია ცურენკოს, ვინც ტურნირზე თამაშის უფლება, საკვალიფიკაციო ეტაპის გავლით მოიპოვა.

პოლონელს უკვე ზედიზედ 29 შეხვედრა აქვს მოგებული. ის როლან გაროსის ჩემპიონი 2020 წელს გახდა. მაშინ მან ტურნირი სეტის წაუგებლად ჩაატარა. პარიზში ის წელს მოგებული ხუთი ტიტულით ჩავიდა, რომლებიც დოჰაში, ინდიან ველსზე, მიამიში, შტუტგარტსა და რომში მოიპოვა. ამათგან ოთხი WAT 1000-ის ტურნირია.

„მინდა, წაუგებლად გავაგრძელო. ვიცი, რომ როდისმე ეს სერია შეწყდება. მე ყოველდღიურად ვმუშაობ, რათა ასი პროცენტით თამაშზე ვიყო ფოკუსირებული და არა სტატისტიკაზე და რიცხვებზე. ეს სტაბილურობაში მეხმარება. ასე ვარ ბოლო რამდენიმე კვირაა და ეს შედეგს იძლევა“, - ამბობს სვიატეკი, ვისაც მომდევნო კვირაში 21 წელი შეუსრულდება.

წვიმის გამო, შეხვედრა ფილიპ კარტიეს კორტზე, დახურულ ჭერქვეშ გაიმართა. სვიატეკი დომინირებდა და 5-1-ზე თავად აწოდებდა, მაგრამ რეიტინგში 119-ე ადგილზე მყოფმა ცურენკომ ბრეიკი მოახერხა. თუმცა ამით ვერც სეტი გადაარჩინა და ვერც შეხვედრა.

სვიატეკმა, ვინც უკრაინის მხარდასაჭერად, კეპზე გამოსახული უკრაინის დროშით ასპარეზობს, მომდევნო გეიმშივე საპასუხო ბრეიკი აიღო და სეტი 28 წუთში დაასრულა. მეორე სეტში მას წინააღმდეგობა პრაქტიკულად არც შეხვედრია. მას გამარჯვებისთვის 54 წუთი ეყო.

სვიატეკის მომდევნო მეტოქე ამერიკელი ელისონ რისკეა, რომელმაც 6-3, 6-3 მოუგო უკრაინელ დაიანა იასტრემსკას.

0.11944