„პარი სენ ჟერმენთან“ კონტრაქტის განახლების შემდეგ კილიან მბაპემ მედიასთან ისაუბრა და თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ მიიღო. მბაპემ აღნიშნა, სამშობლოში ცხოვრება და ფრანგული ფეხბურთის უკეთეს დონეზე აყვანა სურს.
„ყველამ იცის, რომ გასულ წელს წასვლა მინდოდა და მეგონა, რომ იმ მომენტში ეს საუკეთესო გადაწყვეტილება იყო. დღეს სიტუაცია განსხვავებულია სპორტული და პირადი თვალსაზრისით. მე თავისუფალი ვარ არჩევანის გაკეთებაში. ფრანგი ვარ და ჩემს ქვეყანაში ჩემი ყოფნის მნიშვნელობა ვიცი. ეს არის ქვეყანა, სადაც ცხოვრება მინდა და სადაც კარიერის ბოლოსაც მინდა დავბრუნდე. შემეძლო წასვლა, მაგრამ აქ დარჩენა სენტიმენტების საკითხია, ამასთან, სპორტული პროექტიც შეიცვალა. მინდა, ლიგა 1-ს დონის ზრდაში დავეხმარო. ჩემი ისტორია აქ არ დასრულებულა.
დარჩენა გასულ კვირას გადავწყვიტე, მაგრამ თანაგუნდელებისთვის არ მითქვამს, რადგან კლუბის ხელმძღვანელობას ეს არ სურდა. მათ უნდოდათ, ყველასთვის სიურპრიზი ყოფილიყო. ისეთ ფეხბურთელებთან ერთად თამაში, როგორებიც მესი და ნეიმარი არიან, ყოველთვის მინდოდა. ვისაუბრეთ, მაგრამ მათ მითხრეს, რომ ეს პირადი არჩევანი იყო.
მინდა, „რეალის“ გულშემატკივრებს მადლობა ვუთხრა. ისინი ყოველთვის ისე მექცეოდნენ, თითქოს მათი ფეხბურთელი ვიყავი, მიუხედავად იმისა, რომ „რეალში“ არასდროს მითამაშია. ვიცი, რომ იმედგაცრუებულები არიან, მაგრამ იმედია გამიგებენ, რომ ჩემს ქვეყანაში დარჩენა გადავწყვიტე“, - თქვა მბაპემ.