ფეხბურთი

1:58 | 23.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ლევანდოვსკის აგენტი: "ბაიერნმა" რობერტი, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი უკვე დაკარგა"
"რობერტს თავისი ოცნების კლუბში გადასვლა ამ ზაფხულს სურს"

მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელის, რობერტ ლევანდოვსკის აგენტმა პინი ზაჰავიმ გერმანულ გამოცემა Bild-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც თქვა, რომ პოლონელი ფეხბურთელისთვის „ბაიერნი“ უკვე ისტორიაა და მას თავისი ოცნების გუნდში, „ბარსელონაში“ გადასვლა სურს.

ზაჰავიმ დეტალურად ბევრ საკითხზე ისაუბრა და ისიც აღნიშნა, რომ „ბაიერნი“ რობერტს ატყუებდა, რის გამოც გერმანულმა კლუბმა ის არა მარტო, როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც ადამიანიც დაკარგა.

„რობერტისთვის „ბაიერნი“ ისტორიაა. მას აქვს შანსი გადავიდეს იმ კლუბში, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა. რატომ ეუბნება „ბაიერნი“ უარს ამ შანსზე? რობერტს წასვლა ამ ზაფხულს სურს. არც მე და არც მას ფული არ გვაინტერესებს. სიმართლე ის არის, რომ მიუნხენის „ბაიერნი“ მას თვეების განმავლობაში პატივს არ სცემს. მათ დაკარგეს ლევი, არა მხოლოდ როგორც ფეხბურთელი, არამედ, როგორც პიროვნება.

საჯაროდ გამოსვლის განზრახვა არ მქონდა. მე დიდ პატივს ვცემ ისეთ ისტორიულ კლუბს, როგორიც „ბაიერნია“, მაგრამ არ შემეძლო რეაგირება არ მომეხდინა კლუბის ბოლო განცხადებებზე.

„ბაიერნში“ ამბობენ, რომ კონტრაქტი 2023 წლამდე აქვს? რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ მისი შენარჩუნება კიდევ ერთი წლით, მაგრამ ამას არ ვურჩევ. დავიდ ალაბას ტრანსფერში განტევების ვაცი გამომიყვანეს, მაგრამ მან წასვლის გადაწყვეტილება ერთი წლით ადრე მიიღო, არა ჩემი გავლენის გამო. იგივე სიტუაციაა რობერტთან დაკავშირებით.

მინდა გავიხსენო შარშანდელი შემთხვევა. მიუნხენში ჩავედი ოლივერ კანთან, ჰასან სალიჰამიჯიჩთან და მარკო ნეპესთან შესახვედრად. მათ ვუთხარი: „რას ფიქრობთ, რობერტთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე?“ პასუხი? სიჩუმე! არც კი და არც - არა. მე მაშინ მათ ვუთხარი: „თუ ასეა, მომავალ ზაფხულს გავყიდოთ“.

ლევანდოვსკი ჭკვიანი ადამიანია და იცოდა რა ხდებოდა მის ირგვლივ და რას გეგმავდა „ბაიერნი“. მათ სურდათ მისი შეცვლა ჰოლანდით, ეს ერლინგის მამამაც დაუდასტურა. ფეხბურთში საიდუმლო არ არსებობს“, - თქვა ზაჰავიმ.

შეგახსენებთ, რობერტ ლევანდოვსკიმ „ბაიერნში“ 2014 წლიდან დღემდე 375 შეხვედრაში 344 გოლი გაიტანა. მას გერმანულ გრანდთან კონტრაქტი კიდევ ერთი წელი აკავშირებს, მაგრამ აგენტის ამ განცხადებების შემდეგ „ბარსელონაში“ მომავალ ზაფხულს მისი გადაბარგება კიდევ უფრო რეალური გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.1039