„მილანი“ იტალიის ჩემპიონია! სტეფანო პიოლის გუნდმა მთელი სეზონის შრომა წყალში არ ჩაყარა და ნანატრი სკუდეტო 2011 წლის შემდეგ პირველად მოიგო.
„მილანი“ სერია A-ს ბოლო ტურში „სასუოლოს“ ესტუმრა და საქმე ერთი შეხედვით მარტივად ჰქონდა - არ უნდა წაეგო. არც წააგო, მეტიც, ძალიან დამაჯერებლად მოიგო და „ინტერს“ 2 ქულით გაასწრო.
„ინტერმა“ პარალელურად, მეორე ტაიმში „სამპდორიას“ 3 გოლი გაუტანა და 3:0 აჯობა, მაგრამ „მილანმა“ ასევე 3 გოლი „სასუოლოს“ პირველ ტაიმში გაუტანა და მეორე ნახევარი უბრალოდ ფორმალობად აქცია. დუბლი შეასრულა ოლივიე ჟირუმ, ერთიც ფრანკ კესიმ გაიტანა. საინტერესოა, რომ სამივე საგოლე პასი რაფაელ ლეაუს აქტივშია. „როსონერის“ პირველ ტაიმში კიდევ უამრავი რეალური საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ მეტი ვერ გაიტანა.
საბოლოოდ, „მილანმა“ სეზონი 86 ქულით დაასრულა და ისტორიაში მე-19 სკუდეტო მოიგო, რითაც „ინტერს“ გაუთანაბრდა, რომელმაც თავის მხრივ, შარშან მოგებული ჩემპიონობა ვერ შეინარჩუნა.
ამრიგად, დასრულდა ძალიან დრამატული და დაძაბული სეზონი, რომელსაც ღირსეული ჩემპიონი ჰყავს. „მილანი“ მთელი სეზონის განმავლობაში ყველაზე სტაბილური და დამაჯერებელი გუნდი იყო, განსაკუთრებით კი, სეზონის გარდამტეხ მომენტებსა და დასკვნით ტურებში.
„სასუოლო“ – „მილანი“ 0:3 (0:3)
გოლები: 0:1 ჟირუ (17), 0:2 ჟირუ (32), 0:3 კესი (36)
„ინტერი“ – „სამპდორია“ 3:0 (0:0)
გოლები: 1:0 პერიშიჩი (49), 2:0 კორეა (55), 3:0 კორეა (57)