ფეხბურთი

21:04 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

5 წუთში 3 გოლი! "სიტიმ" შეუძლებელი შეძლო და პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა

ინგლისის პრემიერლიგას ზუსტად ისეთი დასასრული ჰქონდა, როგორიც სეზონი იყო - დრამატული. ამ დრამატულ ბრძოლაში კი გამარჯვებული „მანჩესტერ სიტი“ დარჩა, რომელმაც ინგლისის ჩემპიონის ტიტული ისტორიაში მერვედ მოიპოვა.

„მანჩესტერ სიტი“ ბოლო ტურის წინ „ლივერპულს“ ქულით უსწრებდა და ეს სტატუსქვო უცვლელი დარჩა. არადა, ყველაფერი ძალიან დრამატულად დაიწყო.

„ლივერპული“ „ვულვზს“ მასპინძლობდა და უკვე მესამე წუთზე გაუშვა. თუმცა, 24-ე წუთზე სადიო მანემ გაათანაბრა. პარალელურად, „სიტი“ სტივენ ჯერარდის „ასტონ ვილას“ მასპინძლობდა და 37-ე წუთზე ქეშის გოლით ბირმინგემელები დაწინაურდნენ! ყველაფერი თავდაყირა დადგა, თუმცა ამ შედეგებით ჩემპიონი მაინც „სიტი“ ხდებოდა, რადგან ბურთების უკეთესი ბალანსი გააჩნდა.

69-ე წუთზე პეპ გვარდიოლას გუნდი კოშმარში აღმოჩნდა. ფილიპე კოუტინიომ, ყოფილმა ლივერპულელმა გაიტანა და 2:0! ეს იმას ნიშნავდა, რომ დარჩენილ 20 წითში „სიტის“ 3 გოლი უნდა გაეტანა, რადგან „ვულვზის“ იმედად ვერ იქნებოდა და არც უნდა ყოფილიყო, რადგან იურგენ კლოპის გუნდმა „მგლებს“ 2 გოლი გაუტანა და 3:1 იმარჯვა.

თუმცა, „ეტიჰად სთედიუმზე“ სასწაული მოხდა. 76-ე წუთიდან 81-ე წუთამდე „ქალაქელებმა“ შეუძლებელი შეძლეს და 3 გოლი გაიტანეს - 5 წუთში 3 გოლი!!! დუბლი შეასრულა ცვლილებაზე შესულმა ილქაი გიუნდოგანმა, ერთიც, გამათანაბრებელი გოლი როდრიმ შეაგდო! მოკლედ, „მან სიტიმ“ ჩემპიონობა ნამდვილ დრამაში მოიპოვა.

„მანჩესტერ სიტისთვის“ ეს ინგლისის ჩემპიონის მერვე ტიტულია, კონკრეტულად პრემიერლიგა კი მეექვსედ მოიგო. „ლივერპული“ მეორე ადგილს დასჯერდა, ისე, როგორც სამი წლის წინ, როცა ასევე ბოლო ტურში გადაწყდა ყველაფერი და „სიტი“ გაჩემპიონდა. „მანჩესტერ სიტიმ“ სეზონი 93 ქულით დაასრულა, „ლივერპულმა“ 92 ქულით.

პრემიერლიგის ბოლო ტურში სხვა რაღაცებიც გადაწყდა. „ტოტენჰემმა“ „ნორვიჩი“ 5:0 გაანადგურა და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, ხოლო „არსენალი“ წინა ორ ტურში წაგების გამო დაისაჯა და მიუხედავად იმისა, რომ „ევერტონი“ 5:1 გაანადგურა, მტერს, „ტოტენჰემს“ 2 ქულით ჩამორჩა და მეხუთე ადგილს, შესაბამისად, ევროპა ლიგის საგზურს დასჯერდა. ევროპა ლიგაზე ითამაშებს „მანჩესტერ იუნაიტედიც“, რომელმაც „კრისტალ პალასთან“ წააგო, მაგრამ ამით „ვესტ ჰემმა“ ვერ ისარგებლა, რომელიც „ბრაიტონთან“ დარჩა უქულოდ და კონფერენს ლიგაზე მოუწევს თამაში.

გაირკვა ჩემპიონშიფში „ნორვიჩისა“ და „უოტფორდის“ შემდეგ მესამე დაქვეითებული გუნდი - „ბარნლი“, რომელიც შინ „ნიუკასლთან“ დამარცხდა, ხოლო მისმა კონკურენტმა „ლიდსმა“ სტუმრად „ბრენტფორდს“ მოუგო და იორკშირელებმა პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნეს.

და ბოლოს, ბომბარდირთა დავაზეც, რომელიც ორმა ფეხბურთელმა გაიყო. მოჰამედ სალაჰმა და ჰონ-მინ სონმა სეზონი 23-23 გოლით დაასრულეს, თუმცა ეგვიპტელმა უფრო მეტი საგოლე პასი გააკეთა (13), ვიდრე სამხრეთკორეელმა (7).

„მანჩესტერ სიტი“ – „ასტონ ვილა“ 3:2 (0:1)

გოლები: 0:1 ქეში (37), 0:2 კოუტინიო (69), 1:2 გიუნდოგანი (76), 2:2 როდრი (78), 3:2 გიუნდოგანი (81)

„ლივერპული“ – „ვულვზი“ 3:1 (1:1)

გოლები: 0:1 ნეტო (3), 1:1 მანე (24), 2:1 სალაჰი (84)

0.06285