ფეხბურთი

1:06 | 22.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ლაიპციგმა" ისტორიაში პირველი ტიტული მოიგო

გერმანიის თასი „ლაიპციგმა“ მოიგო, რომელმაც ფინალში ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე“ „ფრაიბურგი“ პენალტების სერიაში დაამარცხა.

„ფრაი“ მე-19 წუთზე მაქსიმილიან ეგეშტეინის გოლით დაწინაურდა და კარგა ხნის განმავლობაში იგებდა, მაგრამ 76-ე წუთზე კრისტოფერ ნკუნკუმ წონასწორობა აღადგინა. აღსანიშნავია, რომ „ლაიპციგი“ 57-ე წუთიდან კაცნაკლული თამაშობდა, მაგრამ ამის მიუხედავად შეძლო ჯერ გათანაბრება და მერე მოგება.

ყველაფერი პენალტების სერიამ გადაწყვიტა, რომელშიც ლაიპციგელებმა ოთხივე პენალტი ზუსტად შეასრულეს, ხოლო „ფრაიბურგის“ ოთხი დარტყმიდან მხოლოდ ორი აღმოჩნდა ზუსტი - კრისტიან გუნტერმა და ერმედინ დემიროვიჩმა გატანა ვერ მოახერხეს.

ამრიგად, „ფრაიბურგმა“, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ზონაში იყო ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე და მხოლოდ ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა, ვერც გერმანიის თასს შესწვდა, არადა, თითქოს დაუვიწყარ სეზონს ატარებდა. ნებისმიერ შემთხვევაში „ფრაისთვის“ ეს სეზონი მაინც პოზიტიური იყო. „ლაიპციგმა“ კი გერმანიის თასი პირველად მოიგო, უფრო მეტიც, არსებობის 13-წლიან ისტორიაში ეს საქსონიური კლუბისთვის პირველი ტიტულია.

0.109448