კილიან მბაპე „პარი სენ ჟერმენში“ რჩება! ახლა უკვე ოფიციალურად. ფრანგმა ფეხბურთელმა კლუბთან კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივა და პარიზელებმა ეს დაადასტურეს.
მბაპე ნასერ ალ-ხელაიფისთან ერთად „მეცთან“ მატჩის დაწყებამდე „პარკ დე პრენსზე“ წარსდგა და ინფორმაცია ასე დადასტურდა. არაოფიციალური ინფორმაციით, მბაპე სეზონში ხელფასის სახით 50 მილიონ ევროს მიიღებს, გარდა ამისა, კონტრაქტის განახლებისთვის პრემია 100 მილიონი ევროს სახით ერგო. ასევე, უცხოური მედია წერს, რომ მბაპეს უფლება ექნება კლუბის მენეჯმენტზე გავლენა მოახდინოს, მათ შორის, ჩაერიოს მწვრთნელის საქმიანობაში და ის გაათავისუფლოს კიდეც.
„ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ეს თავგადასავალი გაგრძელდება. იმედი მაქვს, გავაგრძელებ ჩემი საყვარელი საქმის კეთებას, რაც ყველაზე მეტად მიყვარს, ფეხბურთის თამაში და რაც შეიძლება მეტ ტიტულს მოვიგებ. მადლობა ამ დახვედრისთვის. ჩვენ ერთად, ამბიციური მიზნებით პარიზში ჯადოქრობას მოვახდენთ“, - თქვა მბაპემ.
შეგახსენებთ, რომ კილიან მბაპე პსჟ-ში 2017 წლიდან თამაშობს და კონტრაქტი 30 ივნისს ეწურებოდა. მას შემდეგ ფრანგმა ფეხბურთელმა 216 მატჩში 168 გოლი გაიტანა. მბაპეს გადასვლა უფასოდ მადრიდის „რეალში“ იყო მოსალოდნელი, მაგრამ პარიზში დარჩენა ამჯობინა.