იტალიური „ნაპოლის“ მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ „სპეციასთან“ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც გააკეთა კომენტარი. როგორც მან აღნიშნა, კლუბის ხელმძღვანელობამ კარგად იმუშავა, რადგან ლორენცო ინსინიეს შემცვლელად კვარაცხელიას შეძენა დროულად მოახერხა.
„ჯუნტოლი და პომპილო ყველა ვარჯიშს ესწრებიან და აკეთებენ შეფასებებს, რომ მზად იყვნენ ყველა სიტუაციისთვის, თუნდაც შემადგენლობის გასაძლიერებლად. ზოგადად, გუნდი კარგადაა დაკომპლექტებული, თუმცა მზად უნდა ვიყოთ იმ შემთხვევისთვის, თუ სხვა კლუბები რომელიმე ლიდერს წაგვართმევენ. კვარაცხელია უკვე ავიყვანეთ და ხელმძღვანელობამ იყოჩაღა, რომ ინსინიე შეეცვალა, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი დანაკარგია“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლის“ ზაფხულში შეუერთდება და კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. აღნიშნული ტრანსფერი რამდენიმე კვირის წინ კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა დაადასტურა.
„ნაპოლი“ მიმდინარე სეზონს 22 მაისს, „სპეციასთან“ მატჩით სერია A-ში მესამე ადგილზე დაასრულებს და შესაბამისად, მომდევნო სეზონში ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.