ფრანგმა არნო დემარმა მიმდინარე ჯირო დ’იტალიაზე უკვე მესამე ეტაპი მოიგო. ამჯერად ის ყველაზე სწრაფი, მე-13 ეტაპზე იყო. დემარმა (გრუპამა-FDJ) საფინიშო სპრინტში უკან მოიტოვა გერმანელი ფილ ბაუჰაუსი (ბაჰრეინ ვიქტორიოუს) და ბრიტანელი მარკ კავენდიში (ქვიკ-სტეპ) და სპრინტის ჩათვლაში ლიდერობა განიმტკიცა.
ესპანელმა ხუან პედრო ლოპესმა კი ლიდერის ვარდისფერი მაისური შეინარჩუნა. ის კვლავ 12 წამს უგებს მეორეზე მყოფ ეკვადორელ რიჩარდ კარაპასს. მესამეზე კი ისევ პორტუგალიელი ჟოაუ ალმეიდაა.
სტარტიდან მალევე, ძირითად ჯგუფს ხუთი მრბოლი გამოეყო. ისინი საგრძნობლად დაწინაურდნენ და თითქოს, გამარჯვებულიც მათ შორის სპრინტში უნდა გარკვეულიყო, მაგრამ „გრუპამას“ მრბოლთა აქტიურობით, პელოტონმა ისინი ფინიშამდე კილომეტრით ადრე დაიჭირა. შემდგ, იმავე „გრუპამას“ ბიჭებმა დემარი (ფოტოზე) ხელსაყრელ პოზიციაში გაიყვანეს და ამასაც ისღა დარჩენოდა, ფინიში პირველს გადაეკვეთა.
„რაღაც მომენტში გავიფიქრე, რომ წინ წასულების დაწევას შევძლებდით. ჩვენი გუნდის წევრებმა ამისთვის ყველაფერი გაიღეს, რაც შეეძლოთ. ისინი ძალიან მონდომებულები იყვნენ. მეს შესაფერისი განწყობა მქონდა. 10 კილომეტრი რომ რჩებოდა, ვირწმუნე, რომ სპრინტერული ფინიში იქნებოდა. კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვე. სამი ბევრია“, - განაცხადა დემარმა.
ჯიროს მონაწილეებს მე-14 ეტაპზე რამდენიმე სამთო მონაკვეთის გავლა მოუწევთ.