ქართველი ჩოგბურთელი ეკო გორგოძე როლან გაროსის ძირითად ბადეში ვერ მოხვდა. WTA-ს რეიტინგის 109-ე ნომერი ოკეანა ბაბელთან, რომელიც რეიტინგში 654-ე პოზიციაზეა, ფავორიტი იყო, მაგრამ მარცხი განიცადა.
კვალიფიკაციის ნახევარფინალური შეხვედრა ზუსტად 2 საათი და 6 წუთი გაგრძელდა და ფრანგმა ჩოგბურთელმა 1:6, 6:4, 6:4 მოიგო.
პირველ სეტში გორგოძის უპირატესობა აშკარა იყო და მეტოქეს ერთადერთი გეიმი დაუთმო, მაგრამ ამის შემდეგ თამაშის სადავეები ხელიდან გაუშვა. მეორე სეტში ეკო 4:3-ს იგებდა, თუმცა ზედიზედ სამი გეიმი დათმო, მათ შორის, ორი საკუთარ ჩაწოდებაზე და სეტებში ანგარიში გათანაბრდა. საინტერესოა, რომ ზუსტად იგივე სცენარი იყო მესამე სეტშიც, როცა ქართველი 4:3 ბრეიკით დაწინაურდა, მაგრამ ბოლო სამი გეიმი ისევ წააგო (ორი კვლავ საკუთარ ჩაწოდებაზე) და დასანანი მარცხი იწვნია.
ამრიგად, ეკო გორგოძემ როლან გაროსის ერთი საკვალიფიკაციო წრე გადალახა, მაგრამ მეორე წრეში ვერაფერი გააწყო და ძირითად ბადეში ვერ მოხვდა.