სხვა

3:48 | 18.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

თომას-ერას მიზანი 100 მეტრზე სპრინტში მსოფლიო რეკორდია

იამაიკელი ელეინ თომას-ერასთვის გასული სეზონი გამორჩეული იყო - მან 100 და 200 მეტრზე სპრინტებში, ზედიზედ მეორედ მოიგო ოლიმპიური ოქროს მედლები. ასეთი მიღწევით სხვა ვერავინ დაიკვეხნის, თვით ლეგენდარული ფლორენს გრიფიტ-ჯოინერიც, ვისაც ჯერაც ეკუთვნის მსოფლიო რეკორდი. თუმცა იამიკელი მისი რეკორდის გაუმჯობესებასაც ისახავს მიზნად და ამის გაკეთებას ამ სეზონშივე აპირებს.

თომას-ერა ამ სეზონში (ღია არენებზე) პირველად ბრილიანტის ლიგის ბირმინგემის შეხვედრაზე (შაბათს) იასპარეზებს და აქედან მოყოლებული, ყოველ შეჯიბრზე, სადაც ის გამოვა, ახალი რეკორდია მოსალოდნელი.

გრიფიტ-ჯოინერმა მსოფლიო რეკორდი - 10.49 წამი, 1988 წელს, აშშ-ის ოლიმპიური ნაკრების შესარჩევ ტურნირზე გამოსვლისას დაამყარა. თომას-ერამ პირადი საუკეთესო შედეგი (10.61 წამი, შემხვედრი ქარისას) ჯერ ტოკიოში დააფიქსირა. შემდეგ კი, პრეფონტენის კლასიკზე (იუჯინი, აშშ), ასი მეტრი 10.54 წამში გაირბინა.

თომას-ერას მკლავზე აწერია - „შეუძლებელი არაფერია. თვით სიტყვა შეუძლებელი ამბობს, მე შესაძლებელი ვარ“.

წელს იუჯინში მსოფლიო ჩემპიონატი ტარდება. ამ ქალაქში იამაიკელს არაერთხელ ურბენია პირად საუკეთესო დროში. და არ მალავს, რომ ახლაც იმავეს აპირებს. თუ ეს შეძლო, დიდი შანსია იმისა, რომ მსოფლიო რეკორდიც დაამყაროს. მისი პირადი საუკეთესო დრო ხომ მსოფლიო რეკორდს 0.06 წამით ჩამორჩება.

თავად თომას-ერაც არ მალავს, რომ ახალი რეკორდის დამყარება მსოფლიო ჩემპიონატზე სურს. თუმცა ამბობს, რომ თუ ახლა არა, მაშინ ამას ორი ან ხუთი წლის შემდეგაც ეცდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114445