ფეხბურთი

16:30 | 17.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "კიელინის ვიდეოებით მომავალ თაობას დაცვაში თამაში უნდა ვასწავლოთ"

17-წლიანი კარიერის შემდეგ „იუვენტუსს“ ჯორჯო კიელინი დაემშვიდობა. ლეგენდარულ ფეხბურთელზე მასიმილიანო ალეგრიმ "ლაციოსთან" მატჩის შემდგომ ისაუბრა და როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, კიელინის ვიდეოებით მომავალმა თაობამ დაცვაში თამაში უნდა ისწავლოს.

„კიელინიმ იტალიურ ფეხბურთს ბევრი მისცა, მისი თამაშის ვიდეოები კოვერჩანოსა და საფეხბურთო აკადემიებში უნდა განთავსდეს და მომავალმა მცველებმა მის მიხედვით დაცვაში თამაში ისწავლონ, ერთი-ერთზე თამაში. როდესაც გუნდში მოვედი, ის და სხვა ვეტერანები, ბონუჩი, ბარძალი, ბუფონი, მარკიზიო, მეც დამეხმარნენ გამეგო, რას ნიშნავდა „იუვენტუსი“.

პაულო ემოციური ადამიანია, უმაღლეს კლასის ფეხბურთელია. მან დაიმსახურა ის სიყვარული, რომელიც ფანებმა აჩვენეს. ჩემთვისაც ემოციური იყო კიელინის ღიმილი და დიბალას ცრემლები, მაგრამ ეს არ არის იმის საკითხი, რომ პაულო მზად არ იყო და ჯორჯო მზად იყო, უბრალოდ, ყველა თავისებურად გამოხატავს ემოციებს და განიცდის. ალბათ, ჯორჯო სახლში რომ მივა, იტირებს“, - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯო კიელინიმ „იუვენტუსში“ 2005-2022 წლებში 560 შეხვედრაში 36 გოლი გაიტანა და 25 საგოლე პასი გააკეთა.

0.119731