„გრესინი რეისინგის“ იტალიელმა ენეა ბასტიანინიმ, მოტო გრანპრის მიმდინარე სეზონში მესამე გამარჯვება, საფრანგეთის დიდი პრიზის რბოლაში მოიპოვა. ლე მანის ტრეკზე მან უკან მოიტოვა „დუკატის“ ავსტრალიელი ჯეკ მილერი. ბასტიანინის პირველი ორი გამარჯვება ოსტინსა და ყატარში აქვს მოპოვებული.
მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა მოქმედი ჩემპიონი და ადგილობრივი ფავორიტი, ფაბიო კვარტარარო. ამის მიუხედავად, მან ჩემპიონატის ლიდერის პოზიცია შეინარჩუნა. ფრანგს 102 ქულა აქვს და ოთხით უგებს მეორეზე მყოფ ესპანელ ალეიქს ესპარგაროს, ვინც ლე მანსზე მესამე ადგილს დასჯერდა. მესამეზე ბასტიანინია, ვინც ლიდერს რვა ქულით ჩამორჩება.
რბოლა პოულიდან დაიწყო იტალიელმა ფრანჩესკო ბანიაიამ, მაგრამ სტარტზევე დაკარგა ლიდერობა - თანაგუნდელმა მილერმა გაასწრო. თუმცა მალე დაიბრუნა მოწინავე პოზიცია და ის 20 წრის განმავალობაში შეინარჩუნა. 21-ე წრეზე ლიდერი ბასტიანინი გახდა, ვინც სტარტი მეხუთე პოზიციიდან აიღო. ეს მას შემდგ მოხდა, რაც ბანიაიამ შეცდომა დაუშვა.
კვარტარარომ სტარტი მეოთხე პოზიციიდან აიღო და პირველივე წრეზე, ოთხით უკან დაიწია. ამის შემდეგ, მან დაკარგული პოზიციები კი დაიბრუნა, მაგრამ კვარცხლბეკამდე ცოტა დააკლდა.