ჩოგბურთი

2:05 | 16.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა იტალიის ღიას ტიტული ზედიზედ 28-ე გამარჯვებით შეინარჩუნა

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, პოლონელმა იგა სვიატეკმა, იტალიის ღია პირველობის ფინალში, ტუნისელ ონს ჟაბურს 6-2, 6-2 მოუგო და ზედიზედ მეორე გახდა WTA 1000-ის რომაული ტურნირი. სვიატეკისთვის ეს ზედიზედ მოგებული მეხუთე ტურნირი და 28-ე შეხვედრაა.

ხუთი ტიტულიდან, პოლონელმა ოთხი WTA 1000 სერიის ტურნირებზე მოიპოვა. ის გახდა დოჰას, ინდიან ველსის, მაიამის და ახლა უკვე რომის ტურნირების ჩემპიონი. გარდა ამისა, შტუტგარტის ტურნირიც მოიგო.

საინტერესოა, რომ ფინალამდე ჟაბურს ზედიზედ 11 შეხვედრა ჰქონდა მოგებული და შეხვედრისადმი ინტერესს ეს გარემოებაც ზრდიდა. რომში ჩასვლამდე, ჟაბურმა მადრიდში WTA 1000-ის ტურნირის ტიტული მოიპოვა. რომის ფინალის შემდეგ, ამ ორი ჩოგბურთელის ურთიერთშეხვედრებში ანგარიში გათანაბრდა (2-2). ჟაბურმა თავისი ორივე გამარჯვება გასულ სეზონში, უიმბლდონზე და ცინცინატიში მოიპოვა.

„დღევანდელ გამარჯვებას, ბევრი ტირამისუს ჭამით აღვნიშნავ. ბედნიერი ვარ, რომ დიდი მოლოდინით გამოწვეულ ზეწოლას გავუძელი და კარგად ვითამაშე“, - განაცხადა სვიატეკმა.

20 წლის პოლონელმა თამაში აგრესიულად დაიწყო და პირველი სამი გეიმი იოლად მოიგო. მეშვიდე გეიმში, როცა მას ანგარიში 4-2 მიჰყავდა, ჟაბურმა გაიბრძოლა და მეტოქის მოწოდებაზე 30-0 დაწინაურდა. მაგრამ სვიატეკმა ბრეიკის საშუალება არ მისცა. მანვე მომდევნო გეიმიც მოიგო და სეტი თავის სასარგებლოდ დაასრულა.

მეორე სეტიც მსგავსი სცენარით წარიმართა. ჟაბური ვერაფრით ახერხებდა მეტოქის დარტყმების ხეირიანად მოგერიებას. პოლონელი 4-0 დაწინაურდა. ამის შემდეგ, ჟაბურმა თამაშის მეტნაკლებად გათანაბრება შეძლო, რაც ჩამორჩენის აღმოსაფხვრელად საკმარისი არ აღმოჩნდა. მან მეხუთე და მეექვსე გეიმები მოიგო და მეშვიდეშიც 40-0 დაწინურდა. მაგრამ სვიატეკმა ოთხი ბრეიკ პოინტი მოიგერია და გეიმი გადაარჩინა. შემდეგი გეიმი კი ტუნისელის მოწოდებაზე მოიგო და შეხვედრაც ამით დასრულდა.

0.112841