ფეხბურთი

19:52 | 15.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"ვერდერი" ბუნდესლიგაში დაბრუნდა, "ჰამბურგი" პლეი-ოფში ითამაშებს

გერმანიის ბუნდესლიგაში ბრემენის ვერდერი დაბრუნდა, რომელმაც მეორე ბუნდესლიგის ბოლო ტურში შინ რეგენსბურგი 2:0 დაამარცხა და ელიტას დაუბრუნდა.

„ვერდერმა“ სეზონი 63 ქულით მეორე ადგილზე დაასრულა, რაც პირდაპირ იძლევა ბუნდესლიგის საგზურს. ბრემენელები მხოლოდ გელზენკირხენის „შალკეს“ ჩამორჩნენ, რომელმაც მეორე ბუნდესლიგაში პირველი ადგილი 65 ქულით დაიკავა.

მესამე ადგილი და შესაბამისად, პლეი-ოფის საგზური კი გიორგი ჩაკვეტაძის „ჰამბურგს“ ერგო. ტიმ ვალტერის გუნდმა, რომელიც როსტოკში „ჰანზასთან“ პირველი ტაიმის მერე აგებდა (0:1), 3:2 იმარჯვა და „დარმშტადტს“ მხოლოდ ბურთების უკეთესი ბალანსით აჯობა, მაგრამ მთავარი ისაა, რომ აჯობა. ამრიგად, ზედიზედ სამ სეზონში დაკავებული მეოთხე ადგილის მერე HSV-მ პლეი-ოფამდე მისვლა მოახერხა.

გიორგი ჩაკვეტაძეს არ „ჰანზას“ წინააღმდეგ უთამაშია. გიორგის აქტივში 12 თამაში, 1 გოლი და 1 საგოლე პასია, მაგრამ ბოლო დროს სათამაშო პრაქტიკა საერთოდ აღარ აქვს და მისი დარჩენა ფაქტობრივად გამორიცხულია. აქვე ვთქვათ, რომ „ჰამბურგი“ ბუნდესლიგის საგზურისთვის ბერლინის „ჰერტას“ შეხვდება, რომელსაც 19 მაისს ბერლინში ესტუმრება, ხოლო 23 მაისს შინ დაუხვდება.

დღესვე გურამ გიორბელიძის დრეზდენის „დინამო“ „აუესთან“ დამარცხდა და ქართველმა მცველმა შეუცვლელად ითამაშა. მისი გუნდი კი მეორე ბუნდესლიგაში დარჩენას ეცდება, რადგან პლეი-აუტში „კაიზერსლაუტერნს უნდა გაეჯიბროს, გიორბელიძის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში 18 მატჩია, მაგრამ შედეგიანი მოქმედებით არ გამორჩეულა.

0.126006