„ლივერპულმა“ 16-წლიანი შესვენების შემდეგ მოიპოვა ინგლისის ასოციაციის თასი. ეს იურგენ კლოპის გუნდის მეორე პრიზია მიმდინარე სეზონში მანამდე მათ თებერვალში ქვეყნის ლიგის თასი მოიპოვეს და მაშინაც „ჩელსის“ მიუგეს პენალტების სერიაში.
ამჯერად ლივერპულის გმირები კოსტას ციმიკასი და მეკარე ალისონი აღმოჩნდნენ, ერთმა გამარჯვების პენალტი გაიტანა, მეორემ კი გადამწყვეტი თერთმეტმეტრიანი აუღო მეისონ მაუნტს.
რაც შეეხება თამაშს, არგასული გოლების მიუხედავად, ორივე კართან საკმაოდ შეიქმნა სახიფათო მომენტები. „ლივერპულმა“ 33-ე წუთზე მოჰამედ სალაჰი დაკარგა, რომელიც მოედნის ცენტრში დაშავდა და ის დიოგო ჟოტამ შეცვალა. კიდევ ერთი ფეხბურთელი „წითლებს“ დამატებითი დროის წინ გამოაკლდათ. ვირჯილ ვან დეიკის ადგილი ჟოელ მატიპმა დაიკავა.
პირველი პენალტი სესარ ასპილიკუეტას გაუცუდდა, ძელს მოარტყა ბურთი. „ლივერპულის“ ფეხბურთელები კი ზუსტნი იყვენენ. თუმცა, მოვიდა სადიო მანეს ჯერი და სენეგალელმა ვერ გაიტანა, მეკარე ედუარ მენდიმ აუღო. სწორედ მანეს პენალტებით იხეირა წლეულს სენეგალის ნაკრებმა აფრიკის ერთა თასზე და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ფლეი-ოფში. ამჯერად კი დააღალატა თავისიანები.
მერე ჩელსელმა მეისონ მაუნტმაც ვერ ივარგა, ალისონმა მოიგერია მისი დარტყმა. ბოლოს კი პენალტის ნიშნულთან ბერძენი კოსტას ციმიკასი მივიდა და ზუსტი დარტყმით თავისიანებს ნანატრი თასი მოაგებინა.
ამისდაკვალად, „ლივერპულს“ ისტორიული ქუადრუპლის (ჩემპიონთა ლიგა, პრემიერლიგა, ქვეყნის ასოციაციის თასი, ლიგის თასი) შანსი კვლავ რჩება.
ინგლისის ასოციაციის თასის ფინალი
14 მაისი. ლონდონი. „უემბლი“
ჩელსი - ლივერპული 0:0 (5:6 პენ)
პენალტები: 1:0 ალონსო, 1:1 მილნერი, 1:1 ასპილიკუეტა (ძელი), 1:2 ალკანტარა, 2:2 ჯეიმსი. 2:3 ფირმინო, 3:3 ბარკლი, 3:4 ალექსანდერ-არნოლდი, 4:4 ჟორჟინიო, 4:4 მანე (მეკარე), 5:4 ზიეში, 5:5 ჟოტა, 5:5 მაუნტი (მეკარე), 5:6 ციმიკასი
ჩელსი: მენდი, რიუდიგერი, ტიაგუ სილვა, ჩალობა (ასპილიკუეტა 105), ჯეიმსი, ალონსო, ჟორჟინიო, კოვაჩიჩი (კანტე 66), მაუნტი, პულიშიჩი (ლოფტუს-ჩიკი 105, ბარკლი 120), ლუკაკუ (ზიეში 85)
მწვრთნელი: ტომას ტუხელი
ლივერპული: ალისონი, ალექსანდერ-არნოლდი, კონატე, ვან დეიკი (მატიპი 90), რობერტსონი (ციმიკასი 111), ჰენდერსონი, ალკანტარა, კეიტა (მილნერი 74), დიასი (ფირმინო 98), მანე, სალაჰი (ჟოტა 33)
მწვრთნელი: იურგენ კლოპი
მსაჯი: კრეიგ პოუსონი
გაფრთხილება: ჯეიმსი (77)