„ჯუმბო ვისმას“ ჰოლანდიელმა ველომრბოლმა კოენ ბოუმანმა, თავის კარიერაში პირველად მოიგო დიდი ტურის ეტაპი. ეს ჯიროს მეშვიდე ეტაპზე მოხდა. ლიდერის ვარდისფერი მაისური კი კვლავ ესპანელ ხუან პედრო ლოპესს დარჩა.
ბოუმანს კარგი შემწეობა გაუწია ჯიროს 2017 წლის ჩემპიონმა, ასევე ჰოლანდიელმა თანაგუნდელმა ტომ დუმოლენმა, ვისი წყალობითაც, ბოუმანმა ფინიშის წინ კარგი პოზიცია დაიკავა და სპრინტში უკან მოიტოვა კიდევ ერთი ჰოლანდიელი ბაუკე მოლემა და იტალიელი დავიდე ფორმოლო.
ბოუმანმა კარიერაში მრავალდღიან ველორბოლებზე სულ მეორედ შეძლო ეტაპის მოგება. პირველი გამარჯვება მან 2017 წელს, კრიტერიუმ დუ დოფინზე მოიპოვა.
„დაუჯერებელია. ისევე როგორც დოფინზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ახლაც არ მჯერა, რომ მოვიგე. ისეთი რთული დღე იყო.მაგრამ ბოლოს მოგებული დავრჩი. ფინიშთან წინ ოთხნი ვიყავით. ტომი ძალიან დამეხმარა, ბოლო ორ კილომეტრზე შესაშურად იმუშავა და ჩემი გამარჯვება უზრუნველყო“, - განაცხადა ბოუმანმა.
ეს იყო პირველი სამთო ეტაპი, რომელზეც მაღალი მთები არ ყოფილა, მაგრამ მარშრუტში სწორი გზაც თითქმის არ შედიოდა. მეორე კატეგორიის აღმართზე შვიდი მრბოლი დაწინაურდა. ფინიშამდე კი ეს ჯგუფი ოთხამდე შემცირდა.
ფავორიტების უმეტესობამ ფინიშს ერთ ჯგუფში მიაღწია. ისინი ჯერ შეტევას არ ჩქარობენ და ძალებს მთავარი სამთო ეტაპებისთვის ინახავენ. მათი ჯგუფი ბოუმანს სამი წუთით და 38 წამით ჩამორჩა.