ჩოგბურთი

2:20 | 14.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

სვიატეკმა ზედიზედ 26-ე თამაში მოიგო

იგა სვიატეკი შესანიშნავ ფორმაშია. მან უკვე ზედიზედ 26 შეხვედრა მოიგო და რაც მთავარია, სეზონში მეხუთე ტიტულს კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა. ამჯერად მან იტალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში, კანადელი ბიანკა ანდრეესკუ 7-6(2), 6-0 დაამარცხა.

ბოლოს მოგებათა ასეთი ხანგრძლივი სერია სერენა უილიამსს 2014-2015 წლებში ჰქონდა. მაშინ მან ზედიზედ 27 თამაში მოიგო. სვიატეკს ნახევარფინალში მეტოქედ კიდევ ერთი ბელარუსი, არინა საბალენკა ეყოლება.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ყოველ მომდევნო შეხვედრას წინაზე უკეთ ვატარებ. მიუხედავად იმისა, რომ პირველ სეტში გამიჭირდა და ჩავარდნები მქონდა, მაინც ვგრძნობ, რომ გადამწყვეტ მომენტებში კარგად თამაში შემიძლია. მეორე სეტი გაცილებით სოლიდურად ჩავატარე. იმიტომ, რომ პირველ სეტში მეტოქეს ვსწავლობ და ამას მეორეში ვიყენებ“, - განაცხადა პოლონელმა.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი პირველ სეტს 5-3 იგებდა და მეცხრე გეიმშიც თავადვე აწოდებდა. თითქოს, სეტის დასრულებას არაფერი შეუშლიდა ხელს. მაგრამ ანდრეესკუმ შეძლო ამ გეიმის მოგება, მომდვნში კი თავისი გეიმიც მოიგო და სეტი ტაიბრეიკზე გადაიყვანა. თუმცა იქ სასწაული ვეღარ მოახდინა.

მეორე სეტის დასაწყისში, სვიატეკმა ორი ბრეიკი მოახერხა და 3-0 დაწინაურდა. ის განსაკუთრებით კარგად უკანა ხაზიდან ირჯებოდა. ამის შემდეგ, მან კიდევ ერთხელ აიღო მეტოქის გეიმი, თავისებიც არ დაუთმია. კანადელმა ორი მატჩ პოინტი კი მოიგერია, მაგრამ მესამეზე ბურთი ბადეს მოახვედრა და შეხვედრაც ასე დასრულდა.

0.116411