კარიმ ბენზემა მადრიდის „რეალის“ რიგებში გატანილი გოლების რაოდენობით ლეგენდარულ რაულს გაუთანაბრდა.
„ლევანტესთან“ მოგებულ მატჩში ფრანგმა ფორვარდმა 1 გოლი გაიტანა და „სამეფო კლუბში“ 323 გოლი დაუგროვდა. ბენზემამ ამ შედეგს 603 შეხვედრაში მიაღწია და მადრიდული კლუბის ყველა დროის გოლეადორებში რაულთან ერთად მეორე-მესამე ადგილს იყოფს, მაგრამ ნათელია, რომ მალე მეორე საფეხურზე გადაინაცვლებს.
აღსანიშნავია, რომ რაულს გაცილებით მეტი მატჩის ჩატარება დასჭირდა 323 გოლის გასატანად, ვიდრე ბენზემას - ფრანგმა ეს 603 თამაშში მოახერხა, რაულმა კი 741 შეხვედრაში.
შეგახსენებთ, რომ პირველ ადგილზე მადრიდელთა ყველა დროის გოლეადორებში კრიშტიანუ რონალდუა, რომელსაც 450 გოლი აქვს გატანილი.