„გრუპამას“ ფრანგმა ველომრბოლმა არნო დემარმა (ფოტოზე) ჯირო დ’იტალიაზე ზედზედ მეორე ეტაპი მოიგო. და თუ მეხუთე ეტაპზე, სპრინტერულ ფინიშზე მას ფავორიტებმა, ბრიტანელმა მარკ კავენდიშმა და ავსტრალიელმა ქეილებ იუენმა ხელი არ (ვერ) შეუშალეს. მეექვსე ეტაპზე დიდი ბრძოლა გაჩაღდა.
საქმე ამჯერადაც საფინიშო სპრინტამდე მივიდა. 192-კილომეტრიანი დისტანციის ბოლოს, დემარმა სულ რაღაც, მილიმეტრებით აჯობა ავსტრალიელს, კავენდიში კი მესამე ადგილს დასჯერდა.
რბოლის დიდი ნაწილი, ლიდერის როლში გაატარა იტალიელმა დიეგო როსამ. თუმცა ფინიშამდე პელოტონმა მისი დაწევა შეძლო. კავენდიშს და იუენს სპრინტის დასაწყებად კარგი პოზიციები ჰქონდათ, მაგრამ დემარმა სიღრმიდან სწრაფად შეძლო დაწინაურება და ყველას გადაასწრო. მას და იუენს შორის სხვაობა იმდენად მცირე იყო, რომ გამარჯვებული ფოტო ფინიშმა გაარკვია. ფრანგი მრბოლისთვის ეს ჯიროზე მოპოვებული მეშვიდე გამარჯვებაა.
რბოლის ლიდერობა კი კვლავ შეინარჩუნა ესპანელმა ხუან პედრო ლოპესმა. თუმცა სავარაუდოდ, მეშვიდე ეტაპის შემდეგ, ის ვარდისფერ მაისურს დათმობს, რადგან ეს საკმაოდ რთული სამთო მარშრუტია, რომელზეც რბოლის ფავორიტები იაქტიურებენ.