სხვა

4:09 | 12.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ადამ პიტი ტრავმის გამო მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონი, ბრიტანელი ადამ პიტი, ცურვაში მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ბუდაპეშტში ივნისში გაიმართება, ასპარეზობას ვერ შეძლებს. ამის მიზეზი ისაა, რომ ტერფის ძვალი მოიტეხა.

ოლიმპიური ტიტულების გარდა, 27 წლის პიტი რვაჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი და ამჟამად, მსოფლიო ჩემპიონის ტიტულებს 50 და 100 მეტრზე ბრასში ფლობს. მან ტრავმა სავარჯიშო დარბაზში მიიღო. ტრავმის გამ, ექვსი კვირა შეჯიბრებში მონაწილეობას ვერ შეძლებს. ეს იმ დროს, როდსაც ბუდაპეშტის მსოფლიო ჩემპიონატი 18 ივნისს დაიწყება.

„ჩემი კარიერის განმავლობაში, სერიოზული ტრავმა არასდროს მიმიღია. ამიტომ, ეს ჩემთვის დიდი დარტყმა და გამოწვევაა. თუმცა, შესანიშნავი გუნდით ვარ გარემოცული, რომელიც ამ რთულ პერიოდში, ტრავმის მოშუშებასა და ვარჯიშში დამეხმარება“, - განაცხადა პიტიმ.

ბრიტანელმა მოცურავემ ტოკიოს ოლიმპიადაზე, 100 მეტრზე ბრასში ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა. ის ამბობს, რომ ბუდაპეშტისთვის მომზადებას ვერ ასწრებს, თუმცა ყველაფერს იღონებს იმისთვის, რომ თანამეგობრობის თამაშებისთვის, რომელიც ქალაქ ბირმინგემში, ივლისში ჩატარდება, საუკეთესო ფორმაში იყოს.

პიტის გასულ სამ მსოფლიო ჩემპიონტზე, 50 და 100 მეტრზე ბრასში, ოქროს მედლები სამ-სამჯერ აქვს მოპოვებული. 2013 წლის შემდეგ პირველად, ამ ორ დისტანციაზე ჩემპიონი სხვა გახდება.

პიტის გარდა, ბუდაპეშტში კიდევ რამდენიმე მოქმედი ჩემპიონი არ იასპარეზებს. ამის მიზეზი ტრავმები, დისკვალიფიკაცია, სპორტული კარიერის დასრულება და უბრალოდ, მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებაა. მათ შორის, ვინც მსოფლიო ჩემპიონატს გამოტოვებს, არის ავსტრალიელი ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი არიანე ტიტმუსი.

პიტის ნათქვამი აქვს, რომ აუზში დასამტკიცებელი აღარაფერი დარჩა და თავის ყურადღებას პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის მომზადებაზე გადაიტანს.

0.11903