ჯირო დ’იტალიას მეხუთე ეტაპი „გრუპამას“ ფრანგი არნო დემარის გამარჯვებით დასრულდა. ეს მის კარიერაში, ჯიროზე მოპოვებული მეექვსე გამარჯვებაა, ბოლო ორ სეზონში კი დიდ ტურებზე ეტაპის მოგება პირველად შეძლო.
სპრინტერულ ფინიშზე, თანაგუნდელების წყალობით კარგ პოზიციაში დარჩენილმა დემარმა უკან მოიტოვა კოლუმბიელი ფერნანდო გავირია, მესამეზე კი იტალიელი ჯაკომო ნიცოლო დარჩა. სპრინტის ფავორიტები, ბრიტანელი მარკ კავენდიში და ავსტრალიელი ქეილებ იუენი, მესინასთან მიახლოებისას, პელოტონს ჩამორჩნენ და ამის გამო, გამარჯვებისთვის ბრძოლა ვერ შეძლეს.
ფინიშამდე 10 კილომეტრი რჩებოდა, როცა ლიდერთა მოზრდილი ჯგუფი ჩამოყალიბდა. ამ ჯგუფში, გამარჯვებისთვის ბრძლა ნებისმიერს შეეძლო, მაგრამ „გრუპამას“ ბიჭებმა თავიანთი ლიდერი ბოლო მოსახვევის წინ, ხელსასყრელ პოზიციაზე დატოვეს და დემარმაც მათი შრომა გამრჯვებით დააფასა.
ლიდერის ვარდისფერი მაისური კი ახალგზრდა ესპანელმა ხუან პედრო ლოპესმა შეინარჩუნა. მან ფინიში 58-ე ადგილზე გადაკვეთა, რაც ლიდერობის შესანარჩუნებლად საკმარისი აღმოჩნდა.
მომდევნო ეტაპზე ჯირო სიცილიას დატოვებს და გეზს ჩრდილოეთისკენ აიღებს.