ეკვადორის ეროვნული ნაკრები შესაძლოა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატიდან მოიკვეთოს. რამდენიმე დღის წინ ჩილეს ფეხბურთის ფედერაციამ ფიფაში საჩივარი შეიტანა, რის შედეგადაც მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა უწყებამ გამოძიება დაიწყო.
საქმე ისაა, რომ ჩილელების მტკიცებით, ეკვადორის ნაკრებში კოლუმბიელმა ფეხბურთელმა ბაირონ კასტილიომ ითამაშა. ბრალდების მხარე ამტკიცებს, რომ ფეხბურთელი სინამდვილეში კოლუმბიელია და არც 1998 წელსაა დაბადებული, როგორც ეკვადორელებს აქვთ მითითებული, არამედ 1995 წელს დაიბადა. ჩილეს ფეხბურთის ფედერაციის ვერსიით, კასტილიოს ეკვადორის ნაკრებში თამაშის უფლება უბრალოდ არ ჰქონდა. მან შესარჩევ ეტაპზე 8 მატჩი ჩაატარა და ჩილელები ამ შეხვედრებში ეკვადორელებისთვის ტექნიკური წაგების ჩათვლას ითხოვენ.
თუ დამტკიცდება, რომ კასტილიოს ეკვადორის მოქალაქეობა არ აქვს, მაშინ ფიფას მოუწევს მსოფლიოს ჩემპიონატიდან მოკვეთოს. შესაბამისად, ერთი ადგილი გამოთავისუფლდება, ფიფას დებულებით კი, ეს ადგილი იმ გუნდმა უნდა შეავსოს, რომელსაც საუკეთესო რეიტინგი აქვს.
ფიფას რეიტინგში საუკეთესო პოზიციაზე იტალიის ნაკრებია იმ გუნდებს შორის, რომლებმაც მუნდიალის საგზური ვერ მოიპოვეს. ამიტომაც, უცხოური პრესა წერს, რომ ეკვადორის ნაცვლად მსოფლიოს ჩემპიონატზე შესაძლოა ევროპის ჩემპიონი იტალია მოხვდეს. ჯერჯერობით, ეს მხოლოდ საუბრებია, მაგრამ ფაქტია, ფიფამ გამოძიება დაიწყო და ეს ოფიციალურად დაადასტურა:
„ფიფამ გადაწყვიტა დისციპლინური სამართალწარმოება დაიწყოს ბაირონ დევიდ კასტილო სეგურასთან შესაძლო დარღვევების შესახებ. დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - წერია ფიფას განცხადებაში.
შეგახსენებთ, ეკვადორის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე A ჯგუფში კატართან, ნიდერლანდებთან და სენეგალთან ერთად მოხვდა.