ფეხბურთი

18:00 | 10.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი მამარდაშვილი ლა ლიგამ ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა
ტურის საუკეთესო სეივიც გიორგის ანგარიშზეა

„ვალენსიას“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ლა ლიგის 35-ე ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.

ლა ლიგა ყოველი ტურის შემდეგ ასახელებს საუკეთესო გოლკიპერს და ამჯერად ესპანელთა რჩეული 21 წლის ქართველი მეკარე გახდა, აღსანიშნავია, რომ სეზონში მეორედ, რადგან გიორგი მანამდე პირველი ტურის საუკეთესო მეკარედაც დაასახელეს.

„ბილბაოსთან“ მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა, 5 სეივი მიითვალა და კარი მშრალად შეინახა, შედეგად მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც აღიარეს. ზოგადად, „ვალენსიას“ კიპერი ამ სეზონში სამჯერ გახდა მატჩის MVP და ორჯერ ტურის საუკეთესო მეკარე (ლა ლიგის ვერსიით, პირველ და 35-ე ტურებში). გარდა ამისა, ლა ლიგამ 35-ე ტურში საუკეთესო სეივად გიორგის მოგერიება მიიჩნია, როცა მან ინიაკი უილიამსის თავური დარტყმა მოიგერია.

შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში მამარდაშვილს ყველა ტურნირზე 20 მატჩი დაუგროვდა (17 ლა ლიგაში, 3 ესპანეთის თასზე) და ცხრაჯერ კარი მშრალად შეინახა (რვაჯერ ლა ლიგაში, ერთხელ თასზე). „ვალენსია“ მომდევნო შეხვედრას 10 მაისს, „მესტალიაზე“ სევილიის „ბეტისთან“ გამართავს და თასის ფინალში მარცხისთვის რევანშს ეცდება. ხოსე ბორდალასის გუნდი ლა ლიგაში 35 ტურის შემდეგ 44 ქულით მეათე ადგილზეა.

მამარდაშვილი „ვალენსიას“ იჯარით გასულ ზაფხულს შეუერთდა და წინასასეზონო შეკრებაზე შეძლო შანსის გამოყენება, მერე უშუალოდ სეზონის მიმდინარეობისას. „ღამურებმა“ გიორგი უკვე გამოისყიდეს და კონტრაქტი 2024 წლამდე გაუფორმეს, ერთი წლით განახლების შესაძლებლობით.

0.115288