„ჰალ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა შოთა არველაძემ 2021-2022 წლების სეზონი დაასრულა, რომელიც მისი გუნდისთვის უკვე დასრულდა. როგორც ქართველმა სპეციალისტმა აღნიშნა, სურთ, შემადგენლობის გაძლიერება და მომდევნო სეზონში „ჰალი“ უფრო ძლიერი იქნება.
„ძალიან განსხვავებული სეზონი იყო, აღმავლობით და ჩავარდნებით, მაგრამ მივაღწიეთ მიზანს და ეს შესანიშნავი გრძნობაა. როგორც კლუბს, გვსურს, რომ გავიზარდოთ, გვინდა შემადგენლობა გავაძლიეროთ და გვინდა შეცდომებზე ვისწავლოთ. მე პირადად ამ სეზონში ბევრი რამ ვისწავლე და მადლობას ვუხდი კლუბის ყველა წევრს, ვინც დამეხმარა. ვამაყობ ამ ბიჭებით და იმედია, მალე მივიღებთ იმას, რასაც ვიმსახურებთ. უბრალოდ, მინდა მადლობა გადავუხადო კლუბის მფლობელებს, მოთამაშეებს და პერსონალს, გმადლობთ, რომ თავს სახლში ვგრძნობ.
დიდი მადლობა „ჰალის“ ყველა გულშემატკივარს, თქვენი საოცარი მხარდაჭერისთვის. გპირდებით, რომ მომავალ სეზონში უფრო ძლიერი დავბრუნდებით, მაგრამ ახლა დროა ცოტა დრო ოჯახთან ერთად გავატარო“, - დაწერა არველაძემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ შოთა არველაძემ „ჰალ სიტი“ მიმდინარე წლის იანვარში ჩაიბარა. ქართველის ხელმძღვანელობით ინგლისურმა კლუბმა 19 მატჩი ჩაატარა, რომელთაგანაც 6 მოიგო, 4-ჯერ ფრე ითამაშა და 9 შეხვედრაში მარცხი განიცადა. ასე რომ, შოთას ხელში „ჰალმა“ 19 ტურში 22 ქულა მოიპოვა. ინგლისურმა გუნდმა ჩემპიონშიფი 51 ქულით (14 მოგება, 9 ფრე, 23 წაგება) მე-19 ადგილზე დაასრულა და მომდევნო სეზონსაც ინგლისის რანგით მეორე დივიზიონში გაატარებს.