ფეხბურთი

19:08 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

"სამგურალის" ზედიზედ მესამე გამარჯვება ეროვნულ ლიგაში

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-12 ტურის მეორე სათამაშო დღე წყალტუბოში გაიხსნა, სადაც „სამგურალმა“ „თელავს“ უმასპინძლა და ზედიზედ მესამე თამაში მოიგო.

იმერული გუნდი შესანიშნავი ფორმაშია და ბოლო ოთხ ტურში 10 ქულა დააგროვა, რის შედეგადაც გასავარდნ ზონას საგრძნობლად დაშორდა.

„სამგურალმა“ პირველივე ტაიმში გაიტანა ორი გოლი. ჯერ ანგარიში რუხაძემ გახსნა, ხოლო შემდეგ კალანდარიშვილმა უპირატესობა გააორმაგა. სტუმრებმა მხოლოდ მატჩის ბოლოს შეძლეს ერთი გოლის გაქვითვა, მაგრამ მარცხს თავი ვერ დააღწიეს.

„სამგურალმა“ ამ გამარჯვებით 20 ქულა დააგროვა, მეხუთე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 13 მაისს, „სიონთან“ გამართავს, ხოლო „თელავი“ 16 ქულით მეექვსე პოზიციაზეა და წინ „გაგრასთან“ მატჩი ელოდება.

„სამგურალი“ – „თელავი“ 2:1 (2:0)

გოლები: 1:0 რუხაძე (4), 2:0 კალანდარიშვილი (27), 2:1 ქოჩლაძე (88)

0.125818