ავტოსპორტი

2:46 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ფერსტაპენმა მაიამის პირველი დიდი პრიზი მოიგო

მსოფლიო ჩემპიონმა მაქს ფერსტაპენმა მაიამის პირველი დიდი პრიზი, თავის უშუალო კონკურენტთან, მიმდინარე ჩემპიონატის ლიდერ შარლ ლეკლერთან დაძაბულ პაექრობაში მოიგო და ჩამორჩენა 27-დან 19 ქულამდე შეამცირა.

ლეკლერმა სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ ფერსტაპენმა მალევე (მე-9 წრეზე) შეძლო მისი ჩამოტოვება და აქედან მოყოლებული, ლიდერობა აღარავისთვის დაუთმია. ლეკლერმა რბოლის მიწურულს, ტრასიდან უსაფრთხოების მანქანის გასვლის შემდეგ, შეტევა სცადა, მაგრამ ამაოდ და საბოლოოდ, მეორე ადგილს დასჯერდა. კვარცხლბეკზე მესამე საფეხური კი მისმა თანაგუნდელმა კარლოს საინსმა დაიკავა.

„რედ ბულის“ ჰოლანდიელი მრბოლისთვის ეს გამარჯვება ამ სეზონში მესამეა. მან საინსი პირველივე მოსახვევში ჩამოიტოვა, რბოლის მიწურულს კი უსწრაფესი წრე დააფიქსირა და ამისთვის 1 ბონუს ქულაც დაიმსახურა.

„გამორჩეული რბოლა იყო. ფიზიკურად საკმაოდ რთული, თუმცა ვფიქრობ, რომ მაყურებელს ბოლომდე სანახაობა მოვუწყეთ. მყარ საბურავებზე ძალიან კონკურენტუნარიანები ვიყავით. რბოლის ბოლოს, ერთ მომენტში გასწრებასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ დღეს მათ სიჩქარის მხრივ, უპირატესობა ჰქონდათ“, - განაცხადა მონაკოელმა, ვისაც რბოლის დასაწყისში, მედიუმ საბურავებით ასპარეზობისას, მცირე პრობლემები ჰქონდა.

მაიამის რბოლის შემდგ, „ფერარიმ“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატში პირველობა შეინარჩუნა. მარანელოელებს 157 ქულა აქვთ, მათ კი მხოლოდ 6 ქულით ჩამორჩება „რედ ბული“.

მაიამის დიდი პრიზი

მაიამი, დისტანცია 308.326 კმ (5.412 კმ, 57 წრე)

  1. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) 1:34'24.258
  2. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 3.786
  3. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 8.229
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 10.638
  5. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, მერსედესი) 18.582
  6. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 21.368
  7. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, ალფა რომეო) 25.073
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 28.386
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 32.128
  10. ალექს ელბონი (ტაილანდი, უილიამსი) 32.365
  11. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 35.902
  12. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 37.026
  13. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 40.146
  14. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 49.936
  15. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 1'13.305
  16. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1 წრე
  17. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 3 წრე
  18. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 12 წრე
  19. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 18 წრე
  20. გუანიუ ჟოუ (ჩინეთი, ალფა რომეო) 51 წრე

უსწრაფესი წრე: მაქს ფერსტაპენი - 1:31.456 (53-ე წრე, 213.255 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. შარლ ლეკლერი - 104 ქულა; 2. მაქს ფერსტაპენი - 85; 3. სერხიო პერესი - 66; 4. ჯორჯ რასელი - 59; 5. კარლოს საინსი - 53; 6. ლუის ჰამილტონი - 36; 7. ლანდო ნორისი - 35; 8. ვალტერი ბოტასი - 30; 9. ესტებან ოკონი - 24; 10. კევინ მაგნუსენი - 15; 11. დანიელ რიკარდო - 11; 12. იუკი ცუნოდა - 10; 13. პიერ გასლი - 6; 14-15. სებასტიან ფეტელი და ფერნანდო ალონსო - 4; 16. ალექს ელბონი - 2; 17-18. გუანიუ ჟოუ და ლანს სტროლი - 1; 19. მიკ შუმახერი, ნიკოლას ლატიფი და ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, ასტონ მარტინი) – 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. ფერარი - 157 ქულა; 2. რედ ბული - 151; 3. მერსედესი - 95; 4. მაკლარენ-მერსედესი - 46; 5. ალფა რომეო-ფერარი - 31; 6. ალპინ-რენო - 28; 7. ალფატაური-რედ ბული - 16; 8. ჰაას-ფერარი - 15; 9. ასტონ მარტინ-მერსედესი - 5; 10. უილიამს-მერსედესი - 2.

0.153941