ჩოგბურთი

1:03 | 9.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

ალკარასი მადრიდის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა

ესპანელმა კარლოს ალკარასმა მადრიდის ღია პირველობის ფინალში გერმანელი ალექსანდერ ზვერევი 6-3, 6-1 დაამარცხა და კარიერაში მეორედ, ATP-ს მასტერს 1000-ის ტურნირის ჩემპიონი გახდა.

რაფაელ ნადალის და ნოვაკ ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ, ალკარასი ფინალში კიდევ უფრო თავდაჯერებული იყო და მსოფლიოს მესამე ჩოგანი საკმაოდ იოლად დაამარცხა. 19 წლის ალკარასი 1990 წლის შემდეგ პირველი ახალგაზრდა ჩოგბურთელია, ვინც ერთ ტურნირზე, რეიტინგის პირველი ხუთეულის სამი მეტოქე დაამარცხა.

„ამ სამი ჩოგბურთელის ერთ ტურნირზე დამარცხება შესანიშნავია. ჯერ ისტორიაში ორი საუკეთესო ჩოგბურთელი და ახლა ზვერევი, მსოფლიოს მესამე ჩოგანი. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ჩემ კარიერაში საუკეთესო ტურნირია. 19 წლის ვარ და ალბათ ესაა იმის მიზეზი, რომ ასეთ რთულ შეხვედრებში გავიმარჯვე. ფიზიკურად თავს შესანიშნავად ვგრძნობ“, - განაცხადა ალკარასმა, ვინც ზვერევს ისე მოუგო, მას ერთი ბრეიკის შანსიც არ მისცა.

ალკარასმა, ვინც მასტერს 1000-ის სერიის პირველი ტურნირი მაიამიში, წინა თვეში მოიგო, შეხვედრა თავიდანვე აგრესიულად დაიწყო და 4-2 დაწინაურდა. პირველი სეტი მან თავის მოწოდებაზე დახურა.

მეორე სეტი კიდევ უფრო ცალმხრივი გამოდგა. ალკარასმა მესამე გეიმი, მეტოქის მოწოდებაზე მშრალად მოიგო და 2-1 დაწინაურდა. აქედან მოყოლებული, ზვერევმა ახალგაზრდა მეტოქეს ვერაფერი მოუხერხა. ესპანელი მრავალფეროვნად თამაშობდა და მაყურებელი აღტაცებაში მოყავდა. რაც მთავარია, ამით მეტოქეს წონასწორობას აკარგვინებდა და მიზანსაც იოლად მიაღწია - ბრეიკის შემდეგ, ზედიზედ ოთხი გეიმიც მოიგო და შეხვედრა ამით დაასრულა.

ცნობისათვის, თავის ბოლო შვიდ შეხვედრაში, ალკარასი ტოპ ათეულის ჩოგბურთელებს უგებს. მას ამ სეზონში უკვე ოთხი ტურნირი აქვს მოგებული, რაც ჯერჯერობით ტურზე საუკეთესო შედეგია. ჯერ კიდვ ერთი წლის წინთ, რეიტინგის 120-ე საფეხურზე მდგარი ჩოგბურთელი, განახლებულ რეიტინგში მე-6 ადგილზე გადაინაცვლებს.

0.122045