ჰოლანდიელმა მატიო ვან დერ პოელმა ჯირო დ’იტალიაზე სადებიუტო გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო - პირველი ეტაპი, რომელმაც სტარტი ბუდაპეშტში აიღო, სპრინტერულ ბრძოლაში მოიგო. საინტერესოა, რომ მანვე შარშან ტურ დე ფრანსზე სადებიუტო გამოსვლაშიც, პირველივე ეტაპი მოიგო და ლიდერის ყვითელ მაისურს დაეუფლა. ამჯერად, მან ვარდისფერი მაისური მოირგო.
ვან დერ პოელს ფინიშთან სპრინტერული ბრძოლა გაუმართა ერითრეელმა ბინიამ გირმაიმ, ვინც საბოლოოდ მეორე ადგილს დასჯერდა. მესამეზე კი ესპანელი პელო ბილბაო გავიდა. კვარცხლბეკისთვის იბრძოდა ავსტრალიელი ქეილებ ევანიც, მაგრამ მას გირმაისთან შეჯახება მოუვიდა და დაეცა.
მიუხედავად იმისა, რომ ჯიროზე პირველად გამოდის, ვან დერ პოელი პირველი ეტაპის ფავორიტი იყო, რასაც ის გარემოება განაპირობებდა, რომ ფინიში აღმართზე იყო. სწორედ ბოლო 5-კილომეტრიან მონაკვეთზე, თანაგუნდელების (ალპესინ-ფენიქსი) დახმარებით შეძლო მან უპირატესობის მოპოვება.
„ვიცოდი, რომ სპრინტის წინ კარგი პოზიციის დაკავება გადამწყვეტი იქნებოდა. გარკვეული პრობლემები მქონდა, აღმართზე რამდენჯერმე ჩამკეტეს, რის გამოც, წინ წასულების დაწევა მიწევდა. ბოლოს კი აჩქარება ადრევე დავიწყე. გამრჯვება იოლი არ იყო, სპრინტიც გამიჭირდა, მაგრამ საბოლოოდ, მიზანს მივაღწიე და ძალიან გახარებულ ვარ“, - განაცხადა 27 წლის ჰოლანდიელმა.
მეორე ეტაპი დროზე რბოლაა, დისტანცია 9.2 კილომეტრი და ის ბუდაპეშტში გაიმართება. მესამე ეტაპისთვის კი სარბოლო ქარავანი სიცილიაში გადაფრინდება.