იტალიის სერია A-ში „ლეჩე“ და „კრემონეზე“ აღზევდნენ. სერია B-ში ყველაფერი ბოლო ტურმა გადაწყვიტა, რომელშიც ხსენებულ გუნდებს ყველაზე მეტად გაუმართლათ.
„ლეჩე“ ამ ტურამდეც ლიდერი იყო, შინ „პორდენონეს“ 1:0 მოუგო და საბოლოოდ სეზონი 71 ქულით პირველ ადგილზე დაასრულა. „კრემონეზემ“ კი, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე არ იყო დამოკიდებული, სტუმრად „კომო“ 2:1 დაამარცხა.
კრემონელები ამ ტურამდე მესამე ადგილზე იყვნენ, რაც პლეი-ოფის საგზურის მომტანია, მაგრამ ვინაიდან მოიგო, ხოლო მისი კონკურენტი „მონცა“ სტუმრად „პერუჯასთან“ 0:1 დამარცხდა, სერია A-ში ფაბიო პეკიას გუნდი დაბრუნდა, რადგან კრემონელებმა 69 ქულით მეორე ადგილი დაიკავეს.
„ლეჩე“ სერია A-ში ბოლოს 2019-2020 წლების სეზონში იყო, აი, „კრემონეზე“ კი ძალიან დიდხნიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა ელიტაში, რადგან ბოლოს იქ 1995-1996 წლების სეზონში ითამაშა. ასე რომ, სერია A-ს 26 წლის შემდეგ ახალი სტუმარი ჰყავს.
სერია B-ში ყველა ვერდიქტი ასეთია:
„ლეჩე“ და „კრემონეზე“ სერია A-ში აღზევდნენ
პლეი-ოფში ითამაშებენ და სერია A-ს ბოლო, მესამე საგზურის მფლობელი ამ გუნდებიდან ერთ-ერთი იქნება: „პიზა“, „მონცა“ „ბრეშა“, „ასკოლი“, „ბენევენტო“, „პერუჯა“.
სერია C-ში გავარდნენ „პორდენონე“, „კროტონე“ და „ალესანდრია“, ხოლო სერია B-ში ადგილის შესანარჩუნებლად „ვიჩენცა“ „კოზენცას“ დაუპირისპირდება.