ფეხბურთი

11:43 | 6.05.2022 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "ფეიენოორდთან" ფინალი ჩვენთვის ჩემპიონთა ლიგაა"

„რომას“ მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ „ლესტერ სიტისთან“ მატჩის (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც პორტუგალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, მათთვის კონფერენს ლიგის ფინალი ჩემპიონთა ლიგის ფინალივითაა.

„არსებობს სხვადასხვა დონის მოლოდინები, პასუხისმგებლობები და იმედები. „რომას“ ისტორია ტანჯვის ისტორიაა, ამ კლუბს ბევრი ტიტული არ მოუგია. ფინალების რაოდენობა არ შეესაბამება კლუბის სოციალურ განზომილებას. ამიტომ, ეს ფინალი ჩვენთვის ბევრს ნიშნავს, „ფეიენოორდთან“ მატჩი ჩვენი ჩემპიონთა ლიგაა.

პირველივე დღიდან მაქვს განცდა, რომ დიდი ოჯახი ვართ. საშინელი სეზონი არ გვქონია, მაგრამ ჩემპიონატში ბევრი ქულა დავკარგეთ. მადლობას ვუხდი ფეხბურთელებს, რომ დღეს გამახარეს და ვეცდებით ფინალი მოვიგოთ“, - თქვა მოურინიომ.

აღსანიშნავია, რომ ჟოზე მოურინიომ მეოთხე გუნდი გაიყვანა ევროთასის ფინალში. მანამდე მან იგივე „პორტუსთან“, „ინტერთან“ და „მანჩესტერთან“ ერთად გააკეთა. „რომასთვის“ ეს იქნება პირველი ევროპული ფინალი 1991 წლის შემდეგ, რომელიც 25 მაისს, ტირანაში გაიმართება.

0.11874