„ლივერპულის“ ფეხბურთელმა მოჰამედ სალაჰმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეტოქედ მადრიდის „რეალი“ ისურვა და ეგვიპტელს სურვილი აუხდა.
მომო იმედოვნებს, რომ „სამეფო კლუბთან“ შურისძიებას შეძლებს და მას შემდეგ, რაც „სამეფო კლუბმა“ „მანჩესტერ სიტი“ დაამარცხა, სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა: „ანგარიში გვაქვს გასასწორებელი“, - დაწერა მან.
მოგეხსენებათ, სალაჰმა 2018 წელს, სწორედ „რეალთან“ ფინალში ტრავმა მიიღო, რის გამოც მსოფლიოს ჩემპიონატის საწყისი მატჩიც გამოტოვა. სალაჰი დღემდე ფიქრობს, რომ მაშინ მას ტრავმა სერხიო რამოსმა განზრახ მიაყენა.
შეგახსენებთ, „ლივერპული“ და „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მესამედ შეხვდებიან. 1981 წელს „წითლებმა“ 1:0 მოიგეს, ხოლო 2018 წელს გამარჯვება „ბლანკოსმა“ მოიპოვა (3:1).