საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო მატჩებში სტადიონზე მაყურებელთა რაოდენობის ზრდას გამოეხმაურა.
როგორც მან დაწერა, ეს ქმნის დაუვიწყარ საფეხბურთო სანახაობას, თუმცა, ასევე ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ყველამ უნდა დაიცვას წესრიგი და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის უსაფრთხოებას, რითაც მოედანზე შეჭრის ფაქტებზე გააკეთა კომენტარი.
„განვლილი ტურების განმავლობაში, ჩვენი ჩემპიონატის მატჩებმა სავსე ტრიბუნების ფონზე ჩაიარა. მადლობა მინდა გადავუხადო მთელი ლიგის მასშტაბით სტადიონზე მოსულ თითოეულ ქომაგს, მსგავსი ატმოსფერო და დამოკიდებულება არის, ის რაც დღეს ეროვნული ჩემპიონატის მატჩებს ყველაზე მეტად სჭირდება. სწორედ თქვენი მხარდაჭერა ქმნის იმ დაუვიწყარ საფეხბურთო სანახაობას, რაც ასე ძალიან გვსიამოვნებს.
თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანმა პატივი უნდა სცეს სტადიონზე ფეხბურთის სანახავად მისულ ადამიანებს. დაიცვან წესრიგი და გაუფრთხილდნენ ერთმანეთის უსაფრთხოებას. ნუ გადავუსვამთ ხაზს ყველაფერ იმ კარგს, რაც ასე ძალიან უხდება ქართულ სტადიონებს და ზოგადად ჩვენ ჩემპიონატს. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც საკუთარ ქალაქში, საყვარელ გუნდს ტრიბუნებიდან ამხნევებს“, - დაწერა კობიაშვილმა.